ხელისუფლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, სააგენტო, ფაქტობრივად, მთავრობის დაქვემდებარებაში ექცევა. ცვლილებები ითვალისწინებს საინვესტიციო საბჭოს გაუქმებას და ამასთანავე, მოიცავს მუხლს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების მიერ დაგროვილი საპენსიო დანაზოგები შესაძლოა, რისკიან პროექტებში ჩაიდოს და გაიცეს კრედიტებიც.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ ცვილებისა, რომელიც კანონში უნდა განხორციელდეს. არაერთი შეფასება გავრცელდა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, 3 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებს „მავნებლობა“ უწოდა. ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მიმდინარეობს საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა, რაც საშიში მიმართულებაა”.
დაგეგმილი ცვლილებები კრიტიკის საგანი გახდა არაერთი მიმართულები. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურად, რა შეიცვლება სააგენტოში, სად დაბანდდება თქვენი საპენსიო დანაზოგები და ხომ არ არის შესაძლებელი, რომ დანაზოგებმა „საბჭოთა ანაბრების“ ბედი გაიზიაროს.
ცვლილებები საინვესტიციო საბჭოში
დაგეგმილი ცვლილებებით, საინვესტიციო საბჭო გაუქმდება. მის ნაცვლად შეიქმნება მმართველი საბჭო. აღნიშნული მინიმუმ 9 და მაქსიმუმ 15 წევრისგან იქნება შემდგარი. 9 წევრის შემთხვევაში, ერთი თანამდებობრივი პირი იქნება, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში - ორი. წევრებს კომისია შეარჩევს და პრემიერი ირაკლი კობახიძე დაამტკიცებს. მათი უფლებამოსილების ვადა 5 წლით განისაზღვრება.
როგორ უქვემდებარდება მთავრობას „საპენსიო ფონდი“
დაგეგმილი ცვლილებებით სააგენტო, პრაქტიკულად, მთავრობას დაუქვემდებარდება. კერძოდ, როგორც უკვე აღვნიშნე, მმართველობითი საბჭოს წევრებს კომისია დაამტკიცებს, რომელიც თავის მხრივ სამინისტროებისა და პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტდება. კომისია 7 წევრისგან იქნება შემდგარი, უფრო კონკრეტულად, კომისიის წევრთა ვინაობა ასე გამოიყურება:
ეს ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს მმართველ საბჭოს, რომლის უფლება-მოვალეობების სია მოცულობითია, მთავრობა დააკომპლექტებს. ეს კი მაშინ, როცა სააგენტოში ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტი უნდა შექმნას საბჭომ, მათ შორის საინვესტიციო, რისკის მართვის და შიდა აუდიტის კომიტეტები. „საპენსიო ფონდს“ კი ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული ბანკი.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ საპენსიო სააგენტოსგან ხელისუფლება ქმნის ბანკს, სადაც მთავრობა საინვესტიციო საბჭოს საშუალებით, გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„ყურადღება მიაქციეთ როგორ ხდება საბჭოს წევრების დანიშვნა: უშუალოდ მთავრობა ნიშნავს და დანარჩენები ფორმალურად აცხადებენ ღია კონკურსს, თუმცა გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. საბჭოს წევრების ხელში ექცევა სამივე მიმართულება: მენეჯმენტი, საინვესტიციო საქმიანობა და ამ საქმიანობის მონიტორინგიც“, - აღნიშნა ცომაიამ.
ეკონომისტი საუბრობს სააგენტოს საინვესტიციო მიმართულებაზეც და ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილება შეიცავს „კორუფციის ნიშნებს“.
სად შეუძლია დანაზოგების დაბანდება საინვესტიციო კომიტეტს
მმართველი საბჭოს მიერ შექმნილი საინვესტიციო კომიტეტს ექნება უფლება, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები ინვესტიციების სახით განათავსოს სხვადასხვა პროექტში, მათ შორის უჩნდება შესაძლებლობა, დაგროვილი თანხები გასცეს კრედიტების სახითაც. აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოლოდინი, რომ „საპენსიო ფონდი“ ბანკს დაემსგავსება. ჩვენთან საუბარში საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სააგენტოსგან ბანკი შეიქმნა, ის „ეროვნული ბანკის მიერ უნდა დარეგულირდეს ისე, როგორც სხვა კომერციული ბანკები“.
აკაკი ცომაიას შეფასებით, პრობლემურია მუხლი, რომლის მიხედვითაც სააგენტოს შეეძლება კრედიტების გაცემა. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, მოქალაქეთა დაგროვილი 5 მილიარდ ლარზე მეტი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, მომავალში კი წლების ნაგროვებმა დანაზოგებმა „საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს“.
რომ შევაჯამოთ: დაგროვილი საპენსიო დანაზოგები შესაძლოა, ჩაიდოს მაღალრისკიან პროექტებში, ან გაიცეს კრედიტების სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი დაკარგვის ალბათობა მაღალია.
საპენსიო სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტი
თუ კანონპროექტი პარლამენტისთვის წარდგენილი სახით კანონის ძალას შეიძენს, საკომისიო 0.5-დან 0.75%-მდე გაიზრდება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტს იზრდის.
სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თქმით, საუბარია საკმაოდ დიდ საბიუჯეტო სახსრებზე, რისი ქონის აუცილებლობაც სააგენტოს არ აქვს.
„საკომისიოს ნაწილი არ მიმაჩნია სწორად, ძალიან დიდ ბიუჯეტზეა საუბარი. მე რომ ვიყავი სააგენტოში, გვქონდა 3,5 მილიონი ლარის ბიუჯეტი და გვყოფნიდა - ამხელა ბიუჯეტი რა საჭიროა, მე არ მესმის“, - განმარტა სურგულაძემ.
ცვლილებების შედეგად გაზრდილი ხარჯები
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის „განმარტებით ბარათში“ ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი ფონდის ნებისმიერი საქმიანობის აუთსორსინგზე გატანის შესაძლებლობასაც გულისხმობ. თუმცა ამისათვის სებ-ის თანხმობა იქნება საჭირო.
რას ამბობენ კანონპროექტის ავტორები? – „აუთსორსის მომსახურებით სარგებლობა ერთის მხრივ გაზრდის ფონდის ხარჯებს, თუმცა გარკვეული საქმიანობის აუთსორსით განხორციელება უფრო ხელსაყრელია“.
„საპენსიო ფონს“ დასჭირდება ახალი თანამშრომლების აყვანა, რაც გაზრდის ხარჯებს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „ხარჯების ჯამური გავლენა დამოკიდებული იქნება პოტენციურ კანდიდატებთან კერძო მოლაპარაკებების შედეგებზე“.
„საპენსიო სააგენტოს“ ხარჯვით ნაწილზე გავლენას იქონიებს ასევე სახელის ცვლილება, კერძოდ, სააგენტოს „საპენსიო ფონდი“ უნდა დაერქვას. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭირო იქნება ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა - ლოგო, ბეჭედი და მსგავსი ატრიბუტების ცვლილება.
„საპენსიო სააგენტო“ თუ „საპენსიო ფონდი“
დაგეგმილია „საპენსიო სააგენტოს“ სახელის შეცვლა „საპენსიო ფონდის“ დასახელებით. ექსპერტების შეფასებით, უფრო მართებული ძველი სახელი იქნება.
რა არის ფონდი? ფონდი არის ფულისა და რესურსების „მარაგი“, რომელიც შეგვიძლია სხვადასხვა მიზნებისა და პროექტისთვის გამოვიყენოთ. ფონდს შესაძლოა, განაგებდეს ინდივიდი, ორგანიზაცია, ფინანსური ინსტიტუტები და ა.შ.
ეს კი მაშინ, როცა „საპენსიო სააგენტოს“ ფონდის ფუნქციების გარდა, აქვს საპენსიო დანაზოგების მიღების, ადმინისტრირების, პენსიების გაცემისა და სხვა არაერთი ვალდებულება. შესაბამისად, სიტყვა „ფონდი“ მის უფლება-მოვალეობებს სრულად ვერ ასახავს.
რატომ ხორციელდება საპენსიო სააგენტოში ცვლილებები?
„მზადება შავი დღისთვის“ - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას დასანქციების ეშინია და ემზადება „შავი დღისთვის“.
რას ნიშნავს ეს? – „იმ შემთხვევაში, თუ დასანქციებულ მთავრობას ფული დასჭირდა, შესაძლოა, მოქალაქეების მიერ დაგროვებული პენსიიდან აიღოს. მთავრობას ეგულება თითოეული გადამხდელის ფული დაგროვებული საპენსიო ფონდში 5 მილიარდის ოდენობით და იმარტივებს გზას, რომ ეს ფული საკუთარი მიზნებისთვის წაიღოს“, -ამბობს ქადაგიძე.
საპენსიო სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებები, რესპონდენტების აზრით, არის გზა იმისა, რომ მთავრობას დანაზოგებთან წვდომა ჰქონდეს. მათი თქმით, ამის ნაწილია ის, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მომავალში უკვე „საპენსიო ფონდს“ დააკომპლექტებს მთავრობა, თანხებს გასცემს კრედიტების სახით, მათ შორის განათავსებს მაღალ რისკიან პროექტებში, სადაც მისი დაკარგვის ალბათობა მაღალია.
პაატა კვიჟინაძე - ეს კანონი არის წარმატებული
სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია არ აკეთებს პრეზიდენტის განცხადებებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის განცხადებები, რომ დააზიანოს მმართველი გუნდი და ქვეყანა, ეს კანონი [„დაგროვებითი პენსიის შესახებ“] არის წარმატებული - ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საპენსიო ფონდთან დაკავშირებული ცვლილება „ძალიან მავნებლურია“. როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, ცვლილებები არ ეხება ფონდის მართვას, უბრალოდ ორი საბჭოს ნაცვლად იქმნება ერთი საბჭო.
„სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია არ აკეთებს პრეზიდენტის განცხადებებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის განცხადებები, რომ დააზიანოს მმართველი გუნდი და ქვეყანა. როცა ჩვენ ეს კანონი მივიღეთ, იყო ევროპული ვარიანტი. არცერთ ოპოზიციონერს მხარი არ დაუჭერია და ყოველთვის აკრიტიკებდნენ. ჩვენ ვართ ამ კანონზე პასუხისმგებლები. 6 წელი გავიდა და შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეთ. მთავარი, რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს არის ის, რომ, ჩვენ არ ვეხებით მართვას”, - აღნიშნა კვიჟინაძემ.
ამასთან, მან განმარტა, რას ითვალისწინებს დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.
„დღეის მდგომარეობით, არსებობს ორი საბჭო, ერთი არის საზედამხედველო საბჭო, მთავარი საბჭო, რომელიც მინისტრებითაა დაკომპლექტებული, მეტი მთავრობა რაღა უნდა იყოს, 4 კაციდან 3 მინისტრია?! - მეორე იყო საინვესტიციო საბჭო. ამ ცვლილებით, უქმდება ორივე საბჭო და იქნება ერთი საბჭო, რომ ერთმანეთის ფუნქციებში არ შევიდნენ. მინისტრები ამ საბჭოში აღარ იქნებიან და კომისია წარმოადგენს კანდიდატებს, როგორც აქამდე წარმოადგენდა.
ახლა, რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები არ არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის გადაწყვეტილება, რომლის მიზანი, როგორც ყოველთვის, არის დააზიანოს მმართველი გუნდი და ქვეყანა. რაც უფრო ცუდად იქნება საქმე, უფრო მეტი შანსია რომ მოიგონ. ამას აღარც მალავს, გამოდის და ამბობს, რომ ვარ ლიდერი და უნდა გავიმარჯვოთ. თუ მთავრობა კარგად მუშაობს, როგორ გაიმარჯვებს, უნდა გააშავოს მთავრობა. მას არ აქვს საფუძველი, რომ იფიქროს, რომ ეს ცვლილებები არის მავნებლური. არცერთ კანონზე, რომელზეც ბოლო პერიოდია საუბრობს, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, იმიტომ არის, რომ მოტივირებული შენიშვნებიც არ აქვს ხოლმე. ეს კანონი არის წარმატებული. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ლიდერი ვარ ოპოზიციისო, მე უნდა წაგიყვანოთო, აბა რას იტყვის? მთელი ეს პერიოდი უნდა ისაუბროს იმაზე, რა ცუდია კანონები, ხელისუფლება, სხვანაირად როგორ უნდა თქვას?!“, -განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
რა ეტაპზეა კანონპროექტი?
კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. აღნიშნული ჯერ კომიტეტებზე უნდა განიხილონ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენით უნდა მიიღონ. 20 მაისს ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადა 30 დღით გაახანგრძლივა.
რაც შეეხება ამოქმედების ვადებს, კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე „საპენსიო ფონდმა“ სამართლებრივი აქტების კანონის მოთხოვნებს უნდა შეუსაბამოს, 2025 წლის 1-ელ მარტამდე კომისიამ მმართველობითი საბჭოს წევრები უნდა აირჩიოს და ირაკლი კობახიძემ შერჩეული წევრების უნდა დანიშვნა.
საპენსიო სააგენტოს ამჟამინდელი მდგომარეობა
„საპენსიო სააგენტოს“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, 21 აპრილის მდგომარეობით, სისტემაში 1.511 მილიონი ადამიანია ჩართული. რაც შეეხება დაგროვილის თანხის მოცულობას, ის 5.086 მილიარდ ლარს შეადგენს.