თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველის, „ზოტი ჰოლდინგის დამფუძნებლის, სოსო ნიბლაძის განცხადებით, თიზ-ების წარმატებული მუშაობისთვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბება.
როგორც ნიბლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საკანონმდებლო ნაწილი გამოწვევას წარმოადგენს თიზ-ებისთვის და მიმდინარეობს მუშაობა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისთვის.
„საკანონმდებლო კუთხით გარკვეული გამოწვევები რჩება, რასთან დაკავშირებითაც ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება შეეხება საგადასახადო, საბაჟო, ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების ადმინისტრირებას“, - აღნიშნავს ნიბლაძე.
რესპონდენტის განცხადებით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები პირდაპირ უკავშირდებიან ლოჯისტიკურ პროცესებს. ამ ნაწილში საუბრისას ნიბლაძემ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება და მათ შორის შუა დერეფნის განვითარება, რათა ტვირთების სწრაფი გადაზიდვა უზრუნველყოფილი იყოს.
„პირდაპირ ბმაში ვართ ლოჯისტიკური პროცესების განვითარებასთან. მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მოხდეს ტვირთების სწრაფი გადაზიდვა ჩვენი რეგიონის საშუალებით. ეს ეხება საგზაო, სარკინიგზო, საპორტო ინფრასტრუქტურას და რესურსების ზრდას“, - დასძინა მან.
ნიბლაძის თქმით, რაც უფრო გაიაფდება და გამარტივდება ლოჯისტიკური პროცესები, მით უფრო წარმატებული იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მუშაობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თიზ-ები საქართველოში ძირითადად ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობენ. იმ ფონზე, როცა როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეზე მზარდია კონკურენცია, საჭიროა მეტი მუშაობა კომპანიების მოზიდვისთვის.
„ინვესტიციის მოზიდვის კუთხით, გვიწევს აქტიური მუშაობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება, რომ აქტიური გახდეს სახელმწიფოსთან მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ თიზ-ი საქართველოში კერძო კომპანიების ხელშია, როცა ვსაუბრობთ დასაქმებაზე, დასაქმებულების პროფესიულ ზრდაზე, შემოსავალაზე, ინფრასტრუქტურაზე, კაპიტალის ბრუნვაზე, ამ სიკეთის მიმღები ძირითადად ქვეყანა და მოსახლეობაა, შესაბამისად, საჭიროა, მეტი მუშაობა, მეტი კომპანიის მოზიდვა ქვეყანასა და თიზ-ებში“, - განაცხადა გიორგი ნიბლაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ თბილისის თიზ-ი მუშაობს იმისთვის, რომ მრავალფეროვანი სერვისი და მომსახურება შესთავაზონ კომპანიებს. „ვმუშაობთ მიზნობრივ ბაზრებზე კომპანიების მოზიდვისთვის, თუმცა ჩვენს ძირითად არსს წარმოადგენს მცირე და საშუალო კომპანიები და საწარმოები“, - ამბობს ნიბლაძე.