31 მაისს, სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-მ მეწარმე ქალთა ასოციაცია AWE-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა და მოდების ჩვენება გაიმართა.
ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ ნაწილში ქართველი ქალი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა იყო წარმოდგენილი, სადაც ნახავდით ქართველი დიზაინერების ტანსაცმელს; ტყავისგან დამზადებულ ხელნაკეთ აქსესუარებს; ხელნაკეთ სამკაულებსა და სხვადასხვა საოჯახო ნივთებს; ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი საპნები, საკვები პროდუქტები, სასმელები და სხვ.
მეწარმეებმა სხვადასხვა სფეროდან თავიანთი ინოვაციური პროდუქტები წარმოადგინეს, სტარტაპებიდან დაწყებული, მოდის ბრენდებით დამთავრებული. ღონისძიების მეორე ნაწილი ქართველი დიზაინერების კოლექციების ჩვენებას დაეთმო. აღსანიშნავია ის, რომ სამოსი თავად ასოციაციის წევრებმა და ღონისძიების მონაწილე მეწარმე ქალბატონებმა მოირგეს.
ღონისძიებას მოწვეული სტუმრების რანგში ესწრებოდნენ დანიის ელჩი, ბიზნეს ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, სასტუმრო „ჰილტონის“ წარმომადგენლები და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, მათგან მხარდაჭერისა და სამომავლო ჩართულობის მიზნით.
„გვსურს, რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს და მისცენ რეალიზების შესაძლებლობა ქალ მეწარმეებს. ჩვენი მთავარი მიმართულება არის ქალი მეწარმეების შექმნილი პროდუქტის რეალიზებაში დახმარება. გვსურს დავაკავშიროთ ისინი ისეთ ორგანიზაციებთან, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, რომ სეგმენტური პროდუქცია შეიტანონ თავიანთ ქსელებში. ასოციაციაში უკვე 200-მდე ქალია გაწევრიანებული, ხოლო დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილია 20 ქალი მეწარმე. კონტექსტი ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე აირჩა. ძირითადად, ხელნაკეთი ნივთებისა და ტანსაცმლის მიმართულება წარმოვადგინეთ. ვაპირებთ, რომ მომავალში კიდევ გავაკეთოთ მსგავსი ღონისძიებები, უფრო მასშტაბური და ორგანიზებული“. - AWE-ს ასოციაციის წევრი და ეიჩერ სფეისის აღმასრულებელი დირექტორი, ირინა გაგოშიძე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ბრენდები: EDENA; PIGMALIONI; GULU ART; GUF; LOLA’S SWEETS; GUL ART; LILE; IA’S WINERY; LEILA ART GALERY; IKOKIDS; KIRKE; N.K. HANDMADE LEATHER ACCESSORIES; ATARE TILISMA; MAGDA JEWELRY და NK.
„დღეს ვიღებთ მონაწილეობას იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ჩვენი დიზაინერული ნაწარმი სტუმრებს, მივიღოთ მოდების ჩვენებაში მონაწილეობა, დავუკავშირდეთ და გავიცნოთ ერთმანეთი. AWE-ს ასოციაციის წევრები ვცდილობთ გავაძლიეროთ ერთმანეთი“ - დიანა მაისურაძე, ბრენდი „ედენას“ დამფუძნებელი.
მეწარმე ქალთა ასოციაცია AWE-ს შესახებ
მეწარმე ქალთა ასოციაცია AWE 2019 წელს დააფუძნა ქალბატონმა მარიამ ჩიკოპაიძემ. მისი მთავარი მიზანი ქალი მეწარმეების დახმარება, მათ საქმიანობაში ხელის შეწყობა, პროდუქციის განვითარება და სხვებისთვის გაზიარებაა. დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული AWE არ არის არც კომერციული და არც პოლიტიკური ორგანიზაცია. იგი აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მეწარმეობასთან.
AWE-ს მისია:
ქართველი მეწარმე ქალების გაერთიანება: AWE ცდილობს შექმნას ერთიანი პლატფორმა საქართველოში, ბიზნესის სფეროში ქალებისთვის. მისი საქმიანობა უკავშირდება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველ მეწარმე ქალთა მობილიზაციას, რათა ხელი შეუწყოს მათ შორის თანამშრომლობას და მათი შესაძლებლობების ზრდას მდგრადი განვითარების სტრატეგიის დანერგვისა და ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განხორციელების საქმეში.
AWE ქმნის შესაძლებლობებს ქსელის და ურთიერთქმედებისთვის ქალ მეწარმეებს შორის გამოცდილების, რესურსების და იდეების გაცვლის წახალისებით. გაძლიერება: საქართველოს მეწარმე ქალთა მოტივირება და ჩართულობა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში;
მარტოხელა დედების, ეთნიკური უმცირესობა, პატიმრობაში და პრობაციაში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიზნობრივი გადამზადება და ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში;
ღონისძიებები: AWE აწყობს კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მეწარმე ქალთა უნარებისა და ცოდნის განვითარებაზე.
საინფორმაციო რესურსების მიწოდება: AWE უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დაფინანსების შესაძლებლობების, გრანტების, მხარდაჭერის პროგრამებისა და სხვა რესურსების შესახებ, რომლებიც სასარგებლოა მეწარმე ქალებისთვის.
კავშირის ხელშეწყობა: AWE ქმნის ქსელურ პლატფორმებს, სადაც მეწარმე ქალებს შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს და დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებსა და კლიენტებს. AWE მხარს უჭერს მეწარმე ქალთა უფლებებს ხელსაყრელი საკანონმდებლო და ბიზნეს გარემოს ლობირებით.
(R)