ნიდერლანდელები, სხვა ევროპელებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებს მუშაობენ. მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო, Eurostat ავრცელებს.
კერძოდ, ნიდერლანდელები კვირაში, საშუალოდ, 32,2 საათს მუშაობენ, მაშინ, როცა ევროკავშირში ადამიანები კვირაში სამუშაოზე, საშუალოდ, 36,1 საათს ატარებენ.
Eurostat-ის მონაცემებით, ნიდერლანდელების შემდეგ ევროპაში ყველაზე ნაკლებს ავსტრიასა და გერმანიაში მუშაობენ. ავსტრიელების სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, საშულაოდ, 33,6 სთ-ს, ხოლო გერმანელების 34 სთ-ს შეადგენს.
მეორეს მხრივ, ყველაზე გრძელი სამუშაო კვირა საბერძნეთშია, სადაც ადამიანები 39,8 საათს მუშაობენ. საბერძნეთს ოდნავ ჩამორჩება რუმინეთი (39,5 სთ), პოლონეთი (39,3 სთ) და ბულგარეთი (39,0 სთ).
ცნობისთვის: ევროპის ქვეყნები და ქალაქები ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების ვარიანტებს აქტიურად იკვლევენ. მაგალითად, ახლახან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ სამინისტროების თანამშრომლები სურვილის შემთხვევაში ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ. ექსპერიმენტი ყველა სამინისტროში ტარდება. თუმცა დღეების შემცირების მიუხედავად, საჯარო მოხელეებს კვირაში მაინც 35-საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ