მთავრობამ ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, საქართველოში პირველ ენერგეტიკულ ბირჟაზე მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ვაჭრობა მხოლოდ დღით ადრე პრინციპით განხორციელდება.
დადგენილების მიხედვით, სს „საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ“ დღით ადრე ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება, გამართვა, ტესტირება და ბირჟაზე პოტენციურ მონაწილეებთან ერთად სიმულაციურ რეჟიმში გაშვება უნდა უზრუნველყოს.
ამასთანავე, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, 2025 წლის პირველი ივლისიდან საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ უნდა განხორციელდეს:
- საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;
- დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების და მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა;
- აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
- ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა და ა.შ.
ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვის უფლებამოსილება აქვს შემდეგ ბაზრის მონაწილეებს:
- პირდაპირ მომხმარებლებს, საწარმოს მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით;
- უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;
- საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;
- თავისუფალ მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;
- ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით და სხვებს.
რაც შეეხება გაყიდვას, ენერგეტიკულ ბირჟაზე დენის გაყიდვის უფლებამოსილება აქვთ შემდეგ საბითუმო ბაზრის მონაწილეებს:
- საწარმოს, რომლის მფლობელობაში არსებულ დერეგულირებულ ელექტროსადგურსაც, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არ აქვს დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილში;
- საწარმოს, რომლის მფლობელობაში არსებულ დერეგულირებულ ელექტროსადგურსაც, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ ნაწილზე − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ნაწილში, რომელშიც არ აქვს დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება;
- საწარმოს, რომელსაც, საქართველოს მთავრობას, ესკოსა და აღნიშნულ საწარმოს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ესკოსთან სათანადო წესით გაფორმებული აქვს „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“ − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილში, ამ ხელშეკრულების თანახმად, ელექტროენერგიის სავალდებულო გაყიდვისაგან თავისუფალ პერიოდში;
- საწარმოს, რომელიც შესაბამის ელექტროსადგურთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სარგებლობს მხარდაჭერის სქემით − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილში, მხარდაჭერის პერიოდისგან თავისუფალ პერიოდში.