იაპონიის ხუთი მსხვილი ავტომობილების მწარმოებელი - Toyota, Honda, Mazda, Yamaha და Suzuki - თაღლითობის სკანდალში გაეხვნენ. კომპანიებს ბრალად ავტომობილის უსაფრთხოების ტესტების გაყალბება ედებათ - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონური ავტომობილების კომპანიები იტყუებიან. გასულ წელს Toyota-ს შვილობილმა კომპანიამ - Daihatsu-მ წესები 174-ჯერ დაარღვია, რის გამოც, მათი მანქანების ყველა გადაზიდვა შეაჩერეს. ამის შემდეგ, იაპონიის ტრანსპორტის სამინისტრომ 85 მანქანისა და მოტოციკლეტის მწარმოებელს უთხრა, რომ შეამოწმონ წარმოებისა და ტესტირების სტანდარტები, რის შემდეგაც ხუთი კომპანია, მათ შორის Toyota, დამნაშავედ ცნეს.
პრესკონფერენციაზე Toyota-ს თავმჯდომარემ აკიო ტოიოდამ ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, მჭიდრო ვადების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვამ თანამშრომლებზე წნეხი გაზარდა, რამაც თაღლითობამდე მიგვიყვანა.
ელექტრო და ჭკვიანი მანქანების ზრდა ართულებს ტრადიციული იაპონელი ავტომწარმოებლებს მდგომარეობას. ხშირ შემთხვევაში გადაცდომების მიზეზიც სწორედ უპირატესობის დაკარგვის შიშია. ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები, ასუსტებს მომხმარებელთა ნდობას და შეიძლება ზიანი მიაყენოს ავტომობილის სერტიფიცირების მთელ სისტემას.
ჯერჯერობით ეს პროცესები 38 მანქანის მოდელს შეეხო, მაგრამ აქედან 32 უკვე აღარ მზადდება. Honda-ს ყველაზე მეტი პრობლემური მოდელი ჰყავს - 22. Toyota-ს შემთხვევაში საქმე შვიდი მოდელზეა განხილვაში, მათ შორის: Corolla Fielder, Corolla Axio და Yaris Cross.
ცნობისთვის, Toyota-მ გააყალბა ფეხით მოსიარულეთა დაცვისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ტესტის მონაცემები და შეცვალა ავარიის ტესტში გამოსაყენებელი მანქანები. ამის გამო ტოიოტას, მაზდას და იამაჰას ექვსი მოდელის მიწოდება შეჩერებულია მანამ, სანამ ისინი უსაფრთხოების სტანდარტებს არ დააკმაყოფილებენ.
ტრანსპორტის სამინისტროს ინსპექტირება შეიძლება ორ თვემდე გაგრძელდეს. თუ Toyota-ს და Mazda-ს დაზიანებული მოდელების წარმოება ამდენ ხანს შეჩერდება, წარმოება შეიძლება 20,000-დან 30,000 ერთეულამდე შემცირდეს, რაც საზიანო იქნება იაპონიის ეკონომიკისთვის. ფინანსთა მინისტრმა შუნიჩი სუზუკიმ თქვა, რომ ყურადღებით უნდა აკონტროლონ სიტუაცია.