საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე” საუბრობს იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები შეიძლება ჰქონდეს საქართველოში პირველ ენერგეტიკულ ბირჟას.
მელიქიძის განმარტებით, ბირჟის გახსნისთვის პირველადი სამუშაოები უკვე ჩატარდა, თუმცა კრიტიკული რჩება საბალანსო ბაზარი. მისი თქმით, აღნიშნული ეხება უშუალოდ პროგნოზებს, რომლებიც ბირჟაზე ვაჭრობაში ჩართულმა კომპანიებმა უნდა გააკეთონ.
„ამ პროგნოზების გაკეთება რთულია. პროგნოზების შემდეგ, კომპანიებმა უნდა დაგეგმონ ელექტროენერგიის მოხმარება და მიწოდება - ამის პროგნოზირების თვალსაზრისით, რადგან გამოწვევა დიდია, ყოველთვის ჩნდება კითხვა, რომ თუ დადგა, და აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც პროგნოზი ვერ მოვიდა შესაბამისობაში რეალობასთან, ამ გარემოებაში ეს ფინანსური პასუხისმგებლობა ვის ეკისრება. უფრო ზუსტად, რას ნიშნავს ეს? იმას, რომ კონკრეტულ მომენტში შესაძლოა, ბაზარზე იყო მოთხოვნა და არ იყოს მიწოდება, მაგრამ ამ დროს შესაძლოა, დაპროგნოზებული იყო მიწოდების შესაძლებლობა. ამ დროს იქმნება უბალანსობა და უბალანსობაზე ვინ არის პასუხისმგებელი?“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოების ნაწილს ენერგეტიკული ბირჟის სრულად განვითარებისთვის 10 წელი დასჭირდათ, მელიქიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბირჟის სრულად გახსნისთვის 2-3 წელი საკმარისი იქნება.
„ზოგ ქვეყანას 10 წელი დასჭირდა, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას 10 წელი დასჭირდება. 2-3 წელში ჩვენ მივალთ იმ ნიშნულამდე, როგორიც არის სრულად თავისუფალი ენერგეტიკული ბირჟა და მოთამაშეები აბსოლუტურად თავისუფლად იქნებიან. ახლა ნებაყოფლობითია, მაგრამ მოვუწოდებ ბაზრის მოთამაშეებს ჩაერთონ, რადგან გარდაუვალია ბაზრის სრულად გახსნა“, - აღნიშნა მან.
მელიქიძემ ისაუბრა ბირჟაზე მოსალოდნელ რყევებზე და აღნიშნა, აღნიშნული რყევები სერიოზული არ იქნება, რადგან წინასწარ შეისწავლეს სხვა ქვეყნების გამოცდილება, წარმოქმნილი რისკები და მათი მართვის გზები.
„ჩემი ღრმა რწმენით, არ იქნება სერიოზული რყევები. არ ველოდები ისეთ კრიტიკულ რისკს, რომელმაც შესაძლოა, მძიმე ზიანი მიაყენოს როგორც სექტორს, ისე მონაწილეს. რაც უფრო ადაპტაციას ადრევე დავიწყებთ და კომპანიები ამაში იქნება ჩართული, ეს კარგია მათთვის, სექტორისა და ბირჟისთვისაც.
აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში შექმნილი ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი არაერთი წელია ამ თემაზე მუშაობს და აბსოლუტურად ყველა სახის „სტრეს ტესტი“, სიტუაციური ანალიზი აქვს ჩატარებული და შესწავლილი. ყველა რთული სიტუაცია, რაც მომხდარა მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც უკვე ბაზარი გახსნილია, ყველა შესწავლილია. შესაძლებელია, რისკებმა იჩინოს თავი პრაქტიკაში, განსაკუთრებით მომდევნო წლისთვის და მზად ვიქნებით მათ გადასაჭრელად“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში 1-ელი ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბირჟა თავდაპირველად ნაწილობრივ გაიხსნება. საწყის ეტაპზე ბირჟაზე ვაჭრობა "დღით ადრე" მოდელით განხორციელდება. ამასთანავე, თავდაპირველად ვაჭრობა იმპორტირებული დენით არ იქნება შესაძლებელი.
იხილეთ ასევე:
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა იხსნება - როგორ აისახება ტარიფებზე და ვის შეეძლება ვაჭრობა
ვის შეეძლება ენერგეტიკულ ბირჟაზე დენის ყიდვა/გაყიდვა