„საქართველო უმაღლესი რისკის ზონაში გადის მთელი კავკასიის მასშტაბით“ - რომელია ყველაზე სახიფათო რეგიონები

„მეწყრული დაზიანების საშიშროების თვალსაზრისით, საქართველო უმაღლესი რისკის ზონაში გადის მთელი კავკასიის მასშტაბით“,- ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

საუბარია, თამარ მეფის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალურ გეგმაზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით, მეწყრული დაზიანებისა და საშიშროების რისკის მიხედვით, რეგიონების ჩამონათვალი აქვს დართული.

უფრო კონკრეტულად, როგორც დოკუმენტში წერია, „მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული დაზიანების საშიშროების თვალსაზრისით საქართველო უმაღლესი რისკის ზონაში გადის მთელი კავკასიის მასშტაბით, აჭარის რეგიონში, კერძოდ კი ბათუმის ტერიტორიაზე რისკის დონე განისაზღვრება როგორც საშუალო“.

რაც შეეხება ძლიერ მაღალი რისკის ზონებს, ჩამონათვალშია: ტყიბული, ზესტაფონი, ცაგერი, ამბროლაური. ხოლო, მაღალი რისკის ზონებში, ტყიბული, ასევე, ახმეტა.

442435042-850935673545741-723276524532555537-n-1717746100.jpg

აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტები მოხსენიებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენშიც - „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“. დოკუმენტის მიხედვით, რეგიონებში მაღალი რისკის შემცველი კონკრეტული ზონების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციებიც გაიცა.

ნინი ქეთელაური