საქართველოს სხვა ტურისტული ადგილების მსგავსად, მესტიაში ზაფხულის სეზონი უკვე გაიხსნა. ადგილობრივ სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა გაიზარდა და ელოდებიან, რომ მომავალ თვეებშიც სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლები მზარდი იქნება.
Mestia Inn-ის გენერალური დირექტორი გიორგი ბოსტოღანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია. მისი თქმით, ზაფხულის სეზონისთვის ნომრების 70% უკვე დაჯავშნილია.
„ზაფხულის სეზონი მაისიდან დაგვეწყო. ძირითადი ნაკადი ევროპიდანაა ამ ეტაპზე, უფრო გერმანელი სტუმრები გვყავს. მთლიან ზაფხულს რაც შეეხება, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ჯავშნები გვაქვს. ჯგუფური ჯავშნებით გამოირჩევა ისრაელი.
წინა წელთან შედარებით წლევანდელი სეზონი უკეთესია. დაახლოებით ნომრების 70% დაჯავშნილია“, - განაცხადა გიორგი ბოსტოღანაშვილმა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ Mestia 4 Season-ის მესაკუთრე ლევან ქურდიანი უყვება, მაისში უამინდობის გამო, დამსვენებლების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა, თუმცა ივნისის თვისთვის ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია. სასტუმრო ელის, რომ მიმდინარე ზაფხული შემოსავლიანი იქნება.
„კარგი ნაკადით დაიწყო სეზონი. ჯავშნები არის საკმაოდ ბევრი. მაისმა არ იმუშავა კარგად, მაგრამ ამ თვეში ყოველდღიურად ემატება ჯავშნები და გაიზარდა ხალხის მომართვიანობა. მაისში უამინდობაც იყო მთელი თვე, იჯავშნებოდა ნომრები და ამინდების გამო ხსნიდნენ. 25 მაისიდან დღემდე ყოველდღიური ჯავშნებია.
ვფიქრობ, რომ ზაფხულის სეზონი კარგად იმუშავებს. თუ არ შეიცვალა რამე და მშვიდობა იქნა, ველოდებით კარგ სეზონს. უფრო უცხოელები გვსტუმრობენ, გაზრდილია ადგილობრივების რაოდენობაც“, - განაცხადა ლევან ქურდიანმა.
დადებითი მოლოდინები აქვს მომდევნო თვეებისთვის Cors In Mestia-საც. მისი მფლობელი სალომე ნიგურიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, რომ ჯავშნები როგორც მათ, ასევე მეზობელ სასტუმროებში საკმაოდ ბევრია. ნიგურიანი აღნიშნავს, რომ მის სასტუმროს ძირითადად აზიის ქვეყნებიდან და რუსეთიდან სტუმრობენ.
„აქტიურად დაიწყო სეზონი, მოველით, რომ დატვირთული სეზონი იქნება. ბევრი ტურისტი ჩამოვაო ამბობენ. უფრო არიან უცხოელები, ძირითადად აზიის ქვეყნებიდან მოდიან და რუსეთიდან. ჯავშნები არის საკმაოდ ბევრი, სამეზობლოშიც სასტუმროები ნორმალურად დატვირთულები არიან ამ სეზონისთვის. ძირითადად მესტიაში სასტუმროები ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ჩათვლით იტვირთება ნომრები, მაგრამ აპრილ-მაისშიც გვყავდა სტუმრები“, - ამბობს სალომე ნიგურიანი.