საქართველოს მთავრობა ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებაზე მუშაობს. ამის შესახებ, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული.
„დასრულდა საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების კვლევა, რომლის ფარგლებში, შეფასდა საქართველოს სარკინიგზო სისტემის არსებული მდგომარეობა, მომზადდა ბაზრის ანალიზი სამგზავრო და სატვირთო სარკინიგზო მომსახურების მოთხოვნის თაობაზე და ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების მიზნით, შედგენილ იქნა სარკინიგზო ქსელის გეგმა, ეკონომიკურ-ფინანსური სარგებლიანობისა და სოციალურ-ეკოლოგიური ზეგავლენის შეფასებების გათვალისწინებით,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამასთან, მოხსენებაში ნათქვამია, რომ უკვე დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით, 95%, სადაც სარკინიგზო გადაზიდვები 2024 წლის მაისიდან სატესტო რეჟიმში აღდგა.