2024 წლის მაისში ნავთობის ფასი თვიურად 7.1%-ით შემცირდა და ბარელზე $81.6 შეადგინა. „გალტ&თაგარტის“ მიმოხილვის მიხედვით, აპრილი-მაისის გაყიდვები გლობალური ეკონომიკისა და მოთხოვნის სიჯანსაღის ეჭვების შედეგი იყო.
მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ისრაელ-ჰამასს შორის მოსალოდნელი ზავი ფასებს დაბლა სწევდა, თუმცა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის განცხადებით, ომი, სავარაუდოდ, კიდევ შვიდი თვე გაგრძელდება, რამაც გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მაღალ ნიშნულზე დატოვა.
გარდა ამისა, თვის განმავლობაში სხვა მნიშვნელოვანი თემები OPEC+-ის შეხვედრა და ზაფხულის სამოგზაურო სეზონზე მოთხოვნის დინამიკის განსაზღვრა იყო. კერძოდ, მიწოდების მხარეს, OPEC+-ის წევრებმა პროდუქციის ნებაყოფლობითი შემცირებები 2025 წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს, რაც ბაზრისთვის მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი იყო. თუმცა, ის საკითხი, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან რიგ წევრებს შეეძლებათ თანდათანობით გაზარდონ ამჟამინდელი წარმოების ლიმიტები, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდა ჯამური შეზღუდვების დაახლოებით მესამედს მოიცავს, მას მაინც შეეძლება მოთხოვნა-მიწოდების დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. შესაბამისად, 3 ივნისის სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასი 3%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ოქტომბრამდე შესაძლოა გადაიხედოს და დამოკიდებული იქნება გლობალური ეკონომიკისა და მოთხოვნის დინამიკაზე.
მოთხოვნის მხარეს მოლოდინები დადებითია. აშშ-ში ზაფხულის სამოგზაურო სეზონი დაიწყო და 25-27 მაისის დღეებში თვითმფრინავებით მოსარგებლე მოგზაურების რაოდენობა ბოლო 20 წლის უმაღლეს ნიშნულზე იყო ავტომობილების ამერიკული ასოციაციის მიხედვით. დამატებით, ავია საწვავის მოხმარება (4 კვირის საშუალო) უმაღლეს ნიშნულზეა 2019 წლის შემდეგ. ამ ინდუსტრიაში პოზიტიური რიცხვები მოსალოდნელია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა ნაკლებად პოზიტიურია მოლოდინები ავტომობილების საწვავის მიმართ. მიუხედავად ამისა, Bloomberg-ის მიხედვით, ფრენების მზარდი რიცხვი გადაფარავს სახმელეთო ტრანსპორტის ნაკლებ მოხმარებას და, სავარაუდოდ, ნავთობის ფასებისათვის ძლიერი საყრდენი იქნება.
გარდა ამისა, აშშ-ს ენერგეტიკულ სექტორში მსხვილი გარიგებებისა და კონსოლიდაციის ტალღა კვლავ გრძელდება. ბოლო მაგალითი ConocoPhillips-ის მიერ Marathon Oil-ის შეძენაა, რითიც კომპანია კიდევ უფრო გაიმყარებს საკუთარ პოზიციას როგორც ნავთობისა და გაზის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი. მსგავსი შესყიდვები გასულ ოქტომბერში დაიწყო, როცა ExxonMobil-მა და Chevron-მა გამოაცხადეს სხვადასხვა მსხვილი გარიგებების შესახებ“,- ნათქვამია მიმოხილვაში.