საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ერთ თვეში 214.3 მლნ დოლარით შემცირდა

2024 წლის მაისში როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე წინა თვესთან საქართველოს საერთაშორისო და სავალუტო რეზერვები შემცირდა. წლიურად სავალუტო რეზერვებმა 936.040 მილიონი დოლარით, მთლიანი რეზერვების მოცულობამ კი 401.476 მილიონი დოლარით დაიკლო. 2024 წლის აპრილთან შედარებით კი სავალუტო რეზერვების მოცულობა 237.983 მილიონი დოლარით, მთლიანი რეზერვები კი 214.323 მილიონი დოლარით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები 3.601 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 4.537 მილიარდი დოლარი იყო, 2024 წლის აპრილში კი ვალუტის რეზერვების მოცულობა 3.839 მილიარდს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების ასეთი შემცირება ძირითადად სებ-ის მიერ 2024 წლის მარტში ოქროს შესყიდვა გახდა. მარტში ოქროს რეზერვების მოცულობა 332.152 მილიონ დოლარს შეადგენდა, აპრილში – 529.405 მილიონს, მაისში კი 538.871 მილიონ დოლარს.

რაც შეეხება მთლიანად რეზერვებს, სებ-ის სტატისტიკით 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით მისი მოცულობა 4.599 მილიარდ დოლარს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 5.001 მილიარდი დოლარი იყო, 2024 წლის აპრილში კი 4.814 მილიარდი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაისის სტატისტიკით სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.712 მილიარდი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 889.3 მილიონ დოლარს ინახავს.