ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მას თინა ბოკუჩავა შეცვლის.
"მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას: 1. ეხება პარტიის თავმჯდომარეს და მინდა ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა. ასევე, ყრილობას მინდა შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, იმიტომ, რომ პოლიტიკური საბჭო არ არის ყოველდღიური რუტინული მუშაობა და ცხადია მე ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული გუნდთან ერთად," - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამ დრომდე ბოკუჩავა პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო. რაც შეეხება მის ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობას, ბოლო დეკლარაცია 2023 წლის 31 ივლისს აქვს შევსებული.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პარლამენტის დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული: 3 ბინა თბილისში, რომელთაგან 1 სრულად მის საკუთრებაშია, ხოლო 2 ბინაზე მითითებული აქვს, რომ 50-54%-იან წილებს ფლობს; ასევე მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ბულაჩაურში. დეპუტატს ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი fiat 500x, რომელიც 2022 წელს 6 ათას დოლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში თინა ბოკუჩავას საბანკო ანგარიშებზე 25 000 დოლარის ანაბარი ჰქონდა, ხოლო სახელფასო ანგარიშზე 2 015 ლარი და 500 დოლარი უფიქსირდებოდა.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, 2022 წელს, პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 55 184 ლარი შეადგინა, ხოლო საქართველოს უნივერსიტეტისგან ერთჯერადი პედაგოგიური/სამეცნიერო ნაშრომის თარგმნისთვის 1 507 ლარი გამოიმუშავა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, თინა ბოკუჩავას ყავს მეუღლე და 3 შვილი. როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, მისი მეუღლის სახელზე ფიქსირდება ბინა და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში; საცხოვრებელი სახლი ქობულეთში და მიწის ნაკვეთი ნასაგურში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 1052 ლარი უფიქსირდებოდა. რაც შეეხება შემოსავალს, 2022 წელს საქართველოს უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციაზე შემოსავლის სახით 10 662 ლარი, კომერციული ფართის გაქირავებიდან კი 7 680 მიიღო.