რა წილი აქვს საქართველოს მშპ-ში დაუკვირვებად ეკონომიკას

2023 წლის წინასწარი მონაცემებით, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილმა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 12.74% შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელთან შედარებით, აღნიშნულის წილი 0.4%-ით არის შემცირებული.

აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ MONEYVAL-ის ანგარიშში, რომელიც თან ერთვის პრემიერის „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულებას.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში მშპ-ში დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი სტაბილურად მცირდება, 2023 წელს კი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს, ღირებულების მხრივ, დაუკვირვებად ეკონომიკაში ყველა დიდი წილი ვაჭრობის, სასტუმროების და რესტორნების, დამამუშავებელი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებზე მოდიოდა.

„დაუკვირვებად ეკონომიკას ხელს უწყობს საქართველოში ნაღდი ფულის ფართო მიმოქცევა. ზუსტი მონაცემები არ მოიპოვება, მომსახურებისა და საქონლის შეძენის მიზნით, ნაღდი ფულის გამოყენების და უნაღდო ანგარიშსწორებასთან მისი თანაფარდობის თაობაზე. თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, 2023 წელს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით შესრულებული ოპერაციების ღირებულება გაორმაგდა და 72 მლრდ ლარს გადააჭარბა. ასევე, სტაბილურად იზრდება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, რომლებსაც გახსნილი აქვთ საბანკო ანგარიშები. აღნიშნული მონაცემები არაპირდაპირი ინდიკატორია, რომ საქართველოში ნაღდი ფულის მიმოქცევის წილი ჯამში მცირდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, არაფორმალური ეკონომიკა მოიცავს ანაზღაურებად საქმიანობებს, რომლებიც არ აღირიცხება სახელმწიფოს მიერ საგადასახადო, შრომითი ან სხვა მიზნებისთვის, თუმცა კანონიერია და არ უკავშირდება დანაშაულებრივ საქმიანობას.

მერი ტაბატაძე