სამხრეთ კორეაში შობადობის გასაზრდელად სკოლებში გოგონების ადრე შეყვანას განიხილავენ

სამხრეთ კორეის სახელმწიფო ფინანსების ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა მოამზადეს ანგარიში, რომელშიც დაწყებით სკოლებში გოგონების შეყვანა, ბიჭებთან შედარებით, ერთი წლით ადრე არის შეთავაზებული, რომ ქვეყანაში დაბალი შობადობა გაუმჯობესდეს.

ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

„მამაკაცების განვითარების ტემპი უფრო ნელია, ვიდრე ქალების, ამიტომ გოგონების სწავლის ერთი წლით ადრე დაწყება პოტენციურად წაახალისებს მამაკაცებსა და ქალებს, რომ ერთმანეთისთის უფრო მიმზიდველი იყვნენ, როცა საქორწინო ასაკს მიაღწევენ,“ - წერია ანალიტიკოსების მოხსენებაში.

ეს წინადადება არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე იდეიდან, რომელიც სამხრეთ კორეაში შობადობის შემცირებასთან საბრძოლველად ვრცელდება. ანალიტიკოსები, ასევე, ქვეყანაში პროექტის დაწყების ინიციატვით გამოდიან, რომლის ფარგლებშიც სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად და თვითგანვითარების მხარდასაჭერად შეხვედრები მოეწყობა, რომ „საპირისპირო სქესის მიმართ ადამიანების მიმზიდველობა გაიზარდოს.“

ცნობისთვის: სამხრეთ კორეის შობადობის მაჩვენებელი, რომელიც ქალზე 0,72 ბავშვს შეადგენს, მსოფლიოში ყველაზე დაბალია. მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია დედაქალაქ სეულში, სადაც, ხელისფლების პროგნოზით, 2022 წლის 9,4-მილიონიანი მოსახლეობა 2052 წლისთვის 7,9 მილიონამდე შემცირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ