ბურთი ხელოვნური ინტელექტით და ჭკვიანი სამაჯური - რა ახალი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი ევრო-24

UEFA ევრო-2024-ს ისტორიაში ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე საფეხბურთო ტურნირად ავითარებს, რომელშიც რამდენიმე ახალი ტექნოლოგია იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რასაც Forbes ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევრო-2024-ის ოფიციალური ბურთი, რომელსაც „Fussballliebe“ ეწოდა და გერმანულიდან ითარგმნება, როგორც „ფეხბურთის სიყვარული,“ კომპანია Adidas-მა შეიმუშავა და სპეციალური ჩიპით აღჭურვა. ჩიპი დაკავშირებული იქნება ტექნოლოგია Connected Ball-თან და მას წამში 500-ჯერ ბურთის ზუსტ პოზიციას გადასცემს.

ამ მონაცემებს მსაჯები მიიღებენ, რომლებიც VAR, ანუ მსაჯის ვიდეოდახმარების სისტემით მუშაობენ. ჩიპი მსაჯს საშუალებას მისცემს, სწრაფად მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ეპიზოდების ვიდეოგადამოწმების დრო შეამციროს. ჩიპის მუშაობა, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს იმ მომენტების გარჩევას, როცა ბურთი ფეხბურთელს ხელზე ხვდება და შეხების ზუსტ მომენტს დაადგენს. ჩიპი ფეხბურთელის თამაშგარე მდგომარეობის დადგენასაც გაამარტივებს.

uef1-1718013713.jpg

ასევე, განახლდება თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენის ნახევრადავტომატური სისტემა, რომელიც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენებოდა. იქ ეს სისტემა თითოეულ არენაზე 10 კამერას იყენებდა, რაც გერმანიაში 12-მდე გაიზრდება. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ისინი თვალყურს ადევნებენ 29 სხვადასხვა წერტილს თითოეული მოთამაშის სხეულზე და ვიდეომსაჯებს გადასცემენ სიგნალს, როცა მოთამაშე თამაშგარე მდგომარეობაშია.

ამასთან, სისტემა, Connected Ball ბურთის 3D-მოდელს რეალურ დროში შექმნის, რაშიც მას ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება. ეს თავიდან აიცილებს შეცდომებს და ზუსტად განსაზღვრავს, დატოვა თუ არა ბურთმა მოედანი.

UEFA-ს შეფასებით, ყველა ეს ცვლილება მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვიდეოგამეორების გადამოწმებაზე რაც შეიძლება, ნაკლები დრო დაიხარჯოს და სუფთა სათამაშო დრო გაიზარდოს.

uef2-1718013732.jpg

ევრო-24-ის კიდევ ერთი ტექნოლოგიური სიახლე გერმანიაში ჩასული გულშემატკივრებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ, მათთვის სპეციალური სამაჯური იქნა შემუშავებული. ფანების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სტარტაპების მოსაძიებლად UEFA-მ კონკურსი, Innovation Challenge ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაცხადა. კონკურსის გამარჯვებული Euroband გახდა, რომელმაც გულშემატკივრებისთვის სპეციალური სამაჯური შეიმუშავა. დაწნული სამაჯური აღჭურვილია მცირე ჩიპით, რომელიც ამ აქსესუარის თითოეული მატარებლის პოზიციას თვალყურს ადევნებს. ფანებს შესთავაზებენ, ჩამოტვირთონ აპლიკაცია, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რეალურ დროში თვალყური ადევნონ მეგობრების ადგილმდებარეობას, თუკი ისინიც ამ სამაჯურს ატარებენ. სამაჯურის ჩიპით, ასევე, ევრო-24 ის ოფიციალური პროდუქციის შეძენა და მისი საბანკო ბარათად გამოყენება იქნება შესაძლებელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ