ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასების მოწყობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდა.
ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას შპს „არ სი ქონსთრაქშენი“ მოაწყობს. სამუშაოებს კომპანია 9 746 000 ლარად განახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
შპს „არ სი ქონსთრაქშენი“ სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი ვაჟა ფანჩულიძეა. რაც შეეხება წილის მფლობელებს, ასე გადანაწილდა: ირაკლი ნადარაია - 33%, ვაჟა ფანჩულიძე - 33% და გიორგი გოგიბერიძე - 34%.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, ამ შემთხვევაში გაიმარჯვა და ხელშეკრულება გაუფორმდა შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008-ს“. ის სამუშაოებს 6 879 990 ლარად შეასრულებს. კომპანიამ უნდა უზრუნველყოფს ბაკურიანში ბიატლონის ტრასის ელექტრო მომარაგების, განათების, ხელოვნური გათოვლიანებისა და მისთვის საჭირო წყალმომარაგების სისტემის მოწყობა.
შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ დარეგისტრირდა 2008 წელს. მისი დირექტორი თამაზ ჩიტაძეა, ხოლო წილის 100%-ს ედნარ ჩიტაძე ფლობს.
ცნობისთვის, კომპანიებმა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სათანადო მასპინძლობისთვის სამუშაოები 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა დაასრულონ.