ვისაც კულტურული მემკვიდრეობის ზონებში სამშენებლო სამართალდარღვევის გამო ფულადი სანქცია 2024 წლის 11 იანვრიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდში დაეკისრა, ჯარიმისგან თავისუფლდება. აღნიშნულს ითვალისწინებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 1-ლი ივლისიდან კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ვადები იცვლება.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, თბილისში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობების შემთხვევაში, თუ გავიდა სამუშაოების ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული, ან დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, ან თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო განუსაზღვრავს დამრღვევს 90-დღიან ვადას შესაბამისი თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ დაიწყება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
თუმცა, ეს ვადაც (90 დღე) შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით, თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა შესაბამისი განცხადება და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ასეთ შემთხვევაში, პირი თავისუფლდება შესაბამისი ჯარიმის გადახდისაგან.
ამავე კანონპროექტის მიხედვით, ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც 2024 წლის 11 იანვრიდან, ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა და ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არ აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან.
პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც 2024 წლის 11 იანვრიდან (ამ მუხლის ამოქმედებამდე) ჩადენილი აქვს ზემოაღნიშნული სამშენებლო სამართალდარღვევა და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას წყვეტს.