"რუსული ბანკები იძულებული გახდებიან ეძებონ შემოვლითი გზები" - რას ნიშნავს მოსკოვის სავალუტო ბირჟის დასანქცირება

მოსკოვის ბირჟამ ევრო/დოლარში ვაჭრობა შეაჩერა. რუსეთის ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროთი ვაჭრობა ამერიკული სანქციების შემოღების შემდეგ შეწყდა, რადგან ამ სანქციებს ევროკავშირის ქვეყნებიც იცავენ. ამასთან, ჰონგ-კონგის დოლართან ვაჭრობის შეჩერების გადაწყვეტილებას ბანკი რისკების შემცირებას უკავშირებს.

აღნიშნულს ეხმაურება, "ევროოპტიმისტების" დეპუტატი, რომან გოცირიძე. პარლამენტის წევრი სანქციების გავლენასა და მოსალოდნელ შედეგებზე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.

მისი განმარტებით, რუსეთში დღეიდან ფაქტობრივად გაუქმდა ცენტრალიზებული ბირჟა და ანგარიშსწორების სისტემა, სადაც ყოველდღიურად სამასზე მეტი ბანკი და ასეულობით დიდი კომპანია ვაჭრობდა.

როგორც რომან გოცირიძე წერს, ახლა რუსული ბანკები იძულებული გახდებიან ეძებონ ალტერნატიული, შემოვლითი გზები, ოფიციალური გაცვლის კურსის ფორმირებაში კი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სუბიექტური ფაქტორი, ანუ ხელისუფლება.

"ქართულ მაგალითზე ავხსნათ, რომელიც უფრო მარტივი გასაგებია, რადგან მასშტაბი და ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე რუსეთში.

წარმოვიდგინოთ, რომ ქართული ბანკებს და ეროვნულ ბანკს აეკრძალათ დოლარით და ევროთი ვაჭრობა. ეს დღეს ხდება ელექტრონული ფორმით, რომელსაც უზრუნველყოფს ბლუმბერგის ძალიან მოსახერხებელი პლატფორმა. ბანკები ( ხანდახან ეროვნული ბანკიც) ყიდიან და ყიდულობენ ლარს და დოლარს ამ ბირჟაზე. გარდა ამ ფორმით ვაჭრობისა, ბანკები ბირჟის გარეშეც ეწევიან ყიდვა-გაყიდვას ერთმანეთში. საბოლოო ჯამში ეს ვალუტა ბანკის კლიენტებს ( ფიზიკურ და იურიდიულ პირებს) მიეყიდება. არსებობს კიდევ ერთი “მინიბირჟა”, ანუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები.

ეროვნული ვალუტის გაცვლის კურსი დგება სწორედ ბანკთაშორის სავაჭრო პლატფორმაზე დაფიქსირებული გარიგებებიდან.

ვთქვათ, აიკრძალა ამ პლატფორმაზე ვაჭრობა, რა ხდება შემდეგ? ბანკები ბირჟის გარეშე იწყებენ ფულის ძებნას, ზოგს ლარი სჭირდება, ზოგს დოლარი. იწყებენ ერთმანეთთან რეკვას. დღის ბოლოს ასეთი “კუსტარული” გარიგებების შედეგის მიხედვით დგება ლარის გაცვლის კურსი. ასე იყო 90-იან წლებში. იმ პერიოდში ასევე არსებობდა ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, სადაც თუ არ ვცდები, ერთი თუ ორი საათის განმავლობაში შეიძლებოდა ვალუტით ვაჭრობა და ამის საფუძველზე დგებოდა ლარის კურსი. ეს ბირჟა უკვე წინ გადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ თავისი მოქნილობით ახლოსაც ვერ მივა ბლუმბერგის პლატფორმასთან.

რუსეთში დღეიდან ფაქტობრივად გუქმდა ცენტრალიზებული ბირჟა და ანგარიშსწორების სისტემა. ამ ბირჟაზე სამასზე მეტი ბანკი და ასეულობით დიდი კომპანია ვაჭრობდა ყოველდღიურად. ახლა იძულებული გახდებიან ეძებონ ალტერნატიული, შემოვლითი გზები. ეს, როგორც იტყვიან, ცხოვრებას გაუმწარებს მათ, ხარჯებსაც გაუძვირებს, რეალურ, საბაზრო კურსისგანაც აცდებიან, რუსული რუბლის რყევები გახშირდება, ხოლო ოფიციალური გაცვლის კურსის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სუბიექტური ფაქტორი, ანუ ხელისუფლება.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის შევიწროება დასავლეთის მიერ. ერთბაშად ყველა სანქციას ვერ შემოიღებ. ვინც ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს, სინამდვილეში შეფარულ ანტიდასავლური პროპაგანდას ეწევა.

ამის საპასუხოდ ასე უნდა დავსვათ კითხვა: ეს სანქციები რომ არ იყოს, სად იქნებოდა ახლა რუსეთი? ალბათ კიევთან და კიდევ უფრო შორს.

სანქციები არაა პანაცეა, მაგრამ იგი თავის საქმეს აკეთებს",- წერს რომან გოცირიძე.

ნინი ქეთელაური