სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა, რომელიც ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოიცავს.
უნივერსიტეტები სწავლის გადასახადის ოპერაციების აღრიცხვისთვის იყენებენ განსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას. არ არსებობს ერთიანი მიდგომა უცხოურ ვალუტაში დარიცხულ თანხებთან მიმართებით, თუ რომელი დღის კურსით უნდა მოხდეს მოთხოვნის, ვალდებულების და შემოსავლის დარიცხვა. მიღებული შემოსავლების აღრიცხვისათვის იყენებენ როგორც დარიცხვის, ასევე საკასო მეთოდს.
უნივერსიტეტების მიერ სწავლის გადასახადების აღრიცხვისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, კერძოდ:
სოხუმის უნივერსიტეტს ბალანსის მიხედვით, მოთხოვნები სწავლის გადასახადიდან აღრიცხული აქვს 751,094 ლარი და შემოსავლები სწავლის გადასახადიდან − 6,594,191 ლარი, ხოლო ვალდებულებები არ ირიცხება. უნივერსიტეტის განმარტებით, სწავლის გადასახადების აღრიცხვისათვის იყენებს შიდა საუნივერსიტეტო ელექტრონულ პროგრამას. წლის განმავლობაში აღრიცხვაში ასახვის მიზნით, სასწავლო დეპარტამენტი დარიცხული გადასახადების/შემოსავლის და სასწავლო პროცესიდან წარმოქმნილი დავალიანებების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აწვდის ბუღალტერიას. ზემოაღნიშნული დეპარტამენტის მიერ აუდიტის პერიოდში დარიცხული შემოსავლების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოსავალი შეადგენს 6,250,209 ლარს. შესაბამისად, წარდგენილია 343,982 ლარით მეტი შემოსავალი. იმის გამო, რომ ვერ ხერხდება სტუდენტთა ბაზიდან ძველი თარიღით ზუსტი და სრული ინფორმაციის ამოღება, ვერ განხორციელდა სტუდენტების შესაბამისად დარიცხული შემოსავალის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების დაანგარიშება/გადათვლა.
ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან, სწავლის გადასახადი −39,260,627 ლარი. უნივერსიტეტის განმარტებით, თანხები დაანგარიშდა ელექტრონული სტუდენტური პროგრამა VICI-ის ბაზის საფუძველზე, სადაც ასახულია სტუდენტების მონაცემები უნივერსიტეტის სასწავლოპროცესების მართვის დეპარტამენტის მიერ. სწავლის გადასახადის სახით მიღებული შემოსავლის დაანგარიშებისას გამოყენებულია არაერთგვაროვანი მიდგომა, შემოსავალი აღიარებულია როგორც დარიცხვის, ასევე საკასო მეთოდით − გამყოფი ხაზის მიმდებარესოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის გადასახადისას.
ამასთანავე, ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად ხდებოდა ბაზაში სტუდენტთა სტატუსების (აქტიური, შეჩერებული თუ შეწყვეტილი) და სასწავლო კრედიტების შესახებ ინფორმაციების აღრიცხვა. სტუდენტებისმიხედვით სემესტრულად დაანგარიშებული სწავლის გადასახადის ანალიზისას დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში ბაზაში კრედიტებისრაოდენობის არასწორად ასახვის გამო, სწავლის გადასახადი არასწორადიყო დაანგარიშებული. შედეგად, ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია სწავლის გადასახადის სახით მიღებული შემოსავალი 373,817 ლარით.
ტექნიკური უნივერსიტეტის ბალანსში აღრიცხულია სწავლის პროცესში სტუდენტების მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნების − 3,662,078 ლარის და ვალდებულებების − 2,581,695 ლარის, 2022 წლის საბოლოო ნაშთები. აუდიტის ობიექტის უფლებამოსილი პირის განმარტებით, დავალიანებები წარმოქმნილია და მომდინარეობს გასული წლებიდან;
ზუსტი სახელობითი სიები დავალიანებებზე არ არსებობს; 2022 წელს დაწყებულია სიების მოძიება, პროცესში ჩართულია უნივერსიტეტის სხვადასხვა განყოფილება, თუმცა სამუშაოს სირთულის და დიდი მოცულობის გამო, 2022 წელს ვერ მოხერხდა სიების დაზუსტება და დავალიანებების გადაანგარიშება. აღნიშნული გარემოებების და იმის გამო, რომ სტუდენტები ინფორმაციას ფლობენ სემესტრულად გადასახდელ თანხებზე, სასწავლო წელი კი არ ემთხვევა საანგარიშგებო წელს, აუდიტის ჯგუფმა ვერ გაგზავნა დასტურის წერილები და ვერც ალტერნატიული პროცედურებით დაადასტურა აღრიცხულიდავალიანებები/შემოსავლები.
„შედეგად, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული სწავლის გადასახადიდან წარმოქმნილი შემოსავლების, ვალდებულებების და მოთხოვნების საბოლოო ნაშთის არსებობაზე, წარმოშობაზე, სისრულესა და სისწორეზე“ - წერია აუდიტის დასკვნაში.