ივნისში ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით, ანუ შუა დერეფანით 40 ბლოკ-მატარებლის გაგზავნა არის დაგეგმილი. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა, როვშან რუსტამოვმა Report-ს განუცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის დროს მიმდინარე წლის ბოლომდე შუა დერეფნის გასწვრივ 250-ზე მეტი ბლოკ-მატარებლის გაგზავნა დაიგეგმა.
რუსტამოვი, ასევე, ამბობს, რომ მიმდინარე თვეში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ჩინეთში ბლოკ-მატარებელს ავსტრიის რკინიგზის სატვირთო კომპანია, Rail Cargo გაგზავნის. ამ მარშრუტზე დაბრუნებაში ავსტრიის რკინიგზა აზერბაიჯანულმა მხარემ დაარწმუნა.
ამასთან, აზერბაიჯანის რკინიგზა ჩინეთში ტერმინალის შეძენის ან აშენების შესაძლებლობას განიხილავს.
“ჩინეთში ტერმინალის შეძენას ან აშენებას ვფიქრობთ. ჩვენ მიზანმიმართულად შევდივართ ჩინურ ბაზარზე,“ - აცხადებს რუსტამოვი.
მისი თქმით, აზერბაიჯანის რკინიგზა ამჟამად ჩინეთის პრიორიტეტულ ბაზარს სწავლობს და სამომავლოდ ამ ქვეყანაში შესაძლოა, წარმომადგენლობა გახსნას.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ