თბილისის საკრებულომ იპოდრომთან 79-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას მხარი დაუჭირა, ხოლო 40-მდე ჰექტარზე ცენტრალური პარკი გაშენდება

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი, რომლის მიხედვითაც, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, ხოლო დანარჩენ 40-ამდე ჰექტარზე ცენტრალური პარკის გაშენება.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის განცხადებით, გარდა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისა, „იპოდრომზე, დაახლოებით, 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს“.

ამასთან, სოხაძის თქმით, ამ ეტაპზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი მოიცავს 6 შენობის მშენებლობას, რომლიდანაც ერთი ყველაზე მაღალი შენობა 79-სართულიანი იქნება, თუმცა ეს ყველაფერი პირობითია და შეიძლება შეიცვალოს.

„გეგმარებით დავალებაზე წარმოდგენილია 6 შენობა. მათ შორის, ბოლოში არის პედესტალი. როცა გეგმარებითი დავალება კეთდება, ეს ყველაფერი არის პირობითი. შენობა შეიძლება გახდეს 8, ან 5. შეიძლება ყველაზე მაღალი შენობა 79-სართულიანი კი არ იყოს, არამედ 77- ან 80-სართულიანი. უკვე დეტალურ პროექტს მოგვიანებით წარმოვადგენთ”, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

პარალელურად, საპირისპირო განცხადებები კეთდება ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ. ისინი დაგეგმილ პროექტს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მისი განხორციელება დაუშვებელია, რადგან ის არის “ურბანული გენოციდის გაგრძელება”.