ბორჯომში, წლების განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების მიუხედავად, უნებართვო მშენებლობები კვლავ ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ ბორჯომის გენერალური და განაშენიანების ხედვის საბოლოო ვარიანტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემონტაჟის შესახებ ბრძანება უნებართვოდ აშენებულ შენობების საკმაოდ მცირე რაოდენობაზე გაიცა, თუმცა რაზეც გაიცა, მისი დემონტაჟიც არ განხორციელებულა.
„აღსანიშნავია, რომ ბორჯომში უნებართვო მშენებლობის თითქმის ყველა შემთხვევაზე მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. არსებობს უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟზე გაცემული ბრძანების პრეცედენტებიც.
თუ გავითვალისწინებთ, რომ წლების განმავლობაში დაწესებული ჯარიმების მიუხედავად, კვლავ ხორციელდება ქალაქში უნებართვო მშენებლობები, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს დინამიკა არც მომდევნო წლებში შეიცვლება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ავტორები წერენ, რომ შესაძლოა, უნებართვო მშენებლობების დინამიკა სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც უარყოფითად აისახება ბორჯომის ისტორიულ-არქიტექტურულ იერსახეზე.
„იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მცირეა დემონტაჟზე გაცემული ბრძანებების რიცხვი და თანაც ამ დრომდე არცერთი არ განხორციელებულა, სამომავლოდ, შესაძლოა გაჩნდეს საშიშროება ქალაქის ფარგლებში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით.
ამ კონკრეტულს კი შესაძლოა, სამომავლო პერსპექტივაში მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებაზე“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების ხედვის საბოლოო ვარიანტი წარადგინა. დოკუმენტი ბორჯომის განვითარების 5 ძირითადი სტრატეგიული მიზნისაგან შედგება.