საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის მონიტორინგი და დაჯარიმების ფუნქციები 2024 წლის 1-ლი ივნისიდან შემოსავლების სამსახურიდან საპენსიო სააგენტოში გადავიდა. ამასთან ერთად, ცვლილებებამდე არ არსებობდა დარღვევის შემთხვევაში აღსრულების მექანიზმები, ახლა კი პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროც ჩაერთვება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რატომ გახდა საჭირო აღნიშნული უფლება-მოვალეობის შემოსავლების სამსახურიდან საპენსიო სააგენტოში გადასვლა. ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით BPN-ი ესაუბრა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ჭიჭინაძეს.
საპენსიო სააგენტო მონიტორინგს გაუწევს, რამდენად ასრულებენ კომპანიები ვალდებულებას და ახორციელებენ დასაქმებულთა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულებას. ჭიჭინაძის თქმით, დამსაქმებლებს კანონით განესაზღვრათ ორი თვე, ივნისი და ივლისი, რა პერიოდის განმავლობაშიც, თუ გამოასწორებენ დარღვევას, არ დაჯარიმდებიან და საკითხი არც აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.
ჭიჭინაძე საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება მონიტორინგი. მისი თქმით, კომპანიას წინასწარ ეგზავნება წერილი იმის შესახებ, რომ იგეგმება შემოწმება. მონიტორინგი გაფრთხილების გარეშე არ ჩატარდება.
„ჩვენ ვუგზავნით შეტყობინებას და ვატყობინებთ, რომ კომპანია მოწმდება. დეტალურად ვუგზავნით, თუ რა განსხვავებები არსებობს შემოსავლების სამსახურსა და მოწოდებულ ინფორმაციას შორის, საშემოსავლო გადასახადების შესახებ ინფორმაციას, ასევე, ვაკვირდებით და ვადარებთ, რა დაადეკლარირეს მათ შემოსავლების სამსახურში და რა დაადეკლარირეს ჩვენთან. სხვაობის იდენტიფიცირებას ვახდენთ პირების დონეზე და ვუგზავნით ამას შეტყობინების სახით კომპანიას“, - ამბობს ჭიჭინაძე.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიას გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა ეძლევა. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ხორციელდება მონიტორინგი - თუ კომპანია გამოასწორებს დარღვევას, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღარ გადაეცემა, ხოლო თუ დარღვევა უცვლელად დარჩა, იწერება ჯარიმა, ოქმი და საქმე გადაეცემა აღსრულებას.
კითხვაზე, რატომ გადავიდა საპენსიო შენატანების განხორციელების მონიტორინგი შემოსავლებიდან საპენსიო სააგენტოში, ჭიჭინაძე გვპასუხობს, რომ სააგენტო მონიტორინგს უფრო ეფექტურად განახორციელებს.
„ჩვენ ვართ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების მთავარი უწყება, ჩვენ ვართ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კარგად ვმართავთ ადმინისტრირებისა და დეკლარაციის სისტემებს, ჩვენთან არის ყველანაირი ინფორმაცია, ვთანამშრომლობთ შემოსავლების სამსახურთან - შესაბამისად, მონიტორინგის უფრო ეფექტური განხორციელებისთვის საპენსიო სააგენტო უფრო სწორი არჩევანია“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
კითხვაზე, რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა კომპანია საპენსიო შენატანებს სათანადოდ არ ახორციელებს, ჭიჭინაძის თქმით, მსგავსი კომპანიების რიცხვი რამდენიმე ათასია.
„გარკვეულწილად არის დარღვევები, ათასობით კომპანიაა, რომელსაც არასწორად აქვს შესრულებული ვალდებულებები, შეიძლება იყოს განსხვავება შემოსავლების ბაზასა და ჩვენს გადაცემების ბაზას შორის. არის შემთხვევები, როდესაც ზოგადად არ ადეკლარირებენ“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია საპენსიო შენატანების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური შემოწმება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი განსაზღვრულია ჯარიმები.
უფრო კონკრეტულად: დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 1000 ლარი იქნება.
500-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევაზეც, როგორც პირველ, ისე განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდება ის თვითდასაქმებულიც, ვინც დაარღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას.