„2024 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 140.3 მლნ. აშშ დოლარით“ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 35.8 პროცენტი შეადგინა, რაც ექსპორტირებულ საქონელთა ათეულს შორის მეორე საუკეთესო შედეგია(ყველაზე მაღალი ზრდა ძვირფასი ლითონებისა და კონცენტრატების შემთხვევაში დაფიქსირდა, მოცემულ პერიოდში ზრდა 206.2 პროცენტი იყო).
ასევე გაზრდილია ყურძნის ნატურალური ღვინოების წილი ექსპორტირებულ საქონელს შორის. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-მაისში, ექსპორტში ყურძნის ნატურალურ ღვინოებს 13.6 პროცენტი უკავია, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ მონაკვეთში, ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილი 8.4 პროცენტი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2. 274 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით შემცირდა და 1.030 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.