„შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას“ - სამგორში მზის ელექტროსადგური აშენდება

მთავრობამ შპს „მასდარ ჯორჯია ენერჯასთან“ „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების შესახებ დასადები ხელშეკრულება მოიწონა. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ განუცხადეს, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება.

ფონდის განმარტებით, „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგური“ შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.

„პროექტი ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას. შეიქმნება სამუშაო ადგილები, როგორც პროექტის მშენებლობის ეტაპზე, ასევე ოპერირების დრო“, - განუცხადეს ფონდში „ბიზნესპრესნიუსს“.

მზის ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სამგორში უნდა აშენდეს. მისი დადგმული სიმძლავრე საქართველოში ყველაზე დიდი - 96 მგვტ. იქნება. სავარაუდო წლიური წარმოება 196,7 მლნ კვტ/სთ იქნება. პროექტის ღირებულება 80-100 მლნ დოლარია. მზის ელექტროსადგურს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარიი“ განახორციელებს.

მერი ტაბატაძე