არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა, ისევ შეიცვალოს. ამის შესახებ, ინფორმაცია მომხმარებელს კომერციული ბანკებიდან მიაწოდეს.
კერძოდ, როგორც მომხმარებლებს ბანკებიდან აცნობეს, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა 1-ლი ივლისიდან 4 წლის ნაცვლად, ისევ 3 წელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ სამომხმარებლო სესხების ვადიანობა ეროვნულმა ბანკმა ერთხელ უკვე შეცვალა. კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც 4 წლით იყო განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდა. ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა ერთი წლის განმავლობაში იქნებოდა ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით მიიღო.
2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან კი, საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-მა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა ისევ 4 წლამდე გაზარდა.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად „ბიზნესპრესნიუსი“ ეროვნულ ბანკსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ „ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“.
ცნობისთვის, 26 ივნისს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, სადაც არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი საკითხი რასაც განიხილავენ, სწორედ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადიანობის შემცირება იქნება.