Booking.com-მა მომხმარებლები სამოგზაურო თაღლითობის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ გააფრთხილა, რაც ხელოვნური ინტელექტის (AI) ბოროტად გამოყენებით არის გამოწვეული - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც, კომპანიის ინტერნეტ უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, მარნი უილკინგმა განაცხადა, ბოლო 18 თვის განმავლობაში, ასეთი თაღლითობების განსაცვიფრებელი ზრდა ფიქსირდება(500%-დან 900%-მდე).
მთავარი პრობლემა შეტევების ზრდაა, რომლებიც ისეთი გენერაციული AI ინსტრუმენტების გამოჩენით, როგორიცაა ChatGPT უფრო დახვეწილი გახდა. ეს ხელსაწყოები თაღლითებს საშუალებას აძლევენ შექმნან გაცილებით დამაჯერებელი ელფოსტა და ყალბი ჯავშნის ბმულები და ამ გზით ინდივიდებს თავიანთი ფინანსური დეტალების გამოვლენისკენ უბიძგონ.
ტრადიციულად, ფიშინგის თაღლითები ხშირად ისეთი შეცდომებით ვლინდებიან, როგორიცაა ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები და სხვა თუმცა, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი ახლა ადამიანურ კომუნიკაციებს ბევრად უფრო დიდი სიზუსტით ბაძავს და მომხმარებლებთან კონტაქტიც მრავალ ენაზეა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ამ თაღლითების გამოვლენა ბევრად უფრო რთული გახდა.
თაღლითების სამიზნე ისეთი პლატფორმებია, როგორიცაა Booking.com და Airbnb. გადახდის შემდეგ, თაღლითები, როგორც წესი, ქრებიან და მსხვერპლებს საცხოვრებლის გარეშე ტოვებენ.
ამ პრობლემასთან საბრძოლველად, უილკინგი ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გამოყენებას განიხილავს, რაც უსაფრთხოების დამატებითი ბერკეტის სახით მომხმარებლის ტელეფონზე გაგზავნილი კოდის დადასტურებას გულისხმობს. იგი ასევე ხაზს უსვამს დიდი ყურადღების გამოჩენის მნიშვნელობას ბმულებზე დაწკაპუნებისას.
ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოქმნილი საფრთხეების მიუხედავად, ტექნოლოგია ასევე Booking.com-ს ეხმარება, AI მოდელების საშუალებით, სწრაფად ამოიცნოს და წაშალოს თაღლითური განცხადებები.
მომხმარებელთა ექსპერტი ჯეინ ჰოუკსი ფიქრობს, რომ პროვაიდერებმა უნდა გაზარდონ ძალისხმევა საზოგადოების ინფორმირებისთვის, რათა მეტმა ადამიანმა იცოდეს ამ თაღლითური სქემების შესახებ და მოგზაურებს ურჩევს არჩევნის გაკეთებამდე საფუძვლიანად შეისწავლონ ყველა შეთავაზება.