სისხლის ბანკებისთვის ვალდებულება შესაძლოა, გადავადდეს - რა ცვლილებას განიხილავს პარლამენტი?

­პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლითაც, სისხლის ბანკებისთვის შესაძლოა არასამეწარმეო იურიდიულ პირად რეგისტრაციის ვალდებულება გადავადდეს.

კერძოდ, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში, ვკითხულობთ, რომ სისხლის დაწესებულებას (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი) აქვთ ვალდებულება, რომ 2024 წლის 1-ელ ივლისამდე დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, დღეს ქვეყანაში მოქმედებს 24 შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს მხოლოდ 3, ხოლო სამ მათგანთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის განახლების მოთხოვნით.

„იმისათვის, რომ დაწესებულებების ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების ეტაპზე ხელი არ შეეშალოს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფის პროცესს, საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებების (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომლებიც ფუნქციონირებენ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრაციის კანონით დადგენილი ვადის (2024 წლის 1 ივლისი) გადავადება. აქვე, დამატებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფოს მიერ ცენტრალური სისხლის დაწესებულების შექმნისა და ჩამოყალიბების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებზე,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, ამ ტიპის დაწესებულბებეს არაკომერციულ იურიდიულ პირად რეგისტრაციისთვის ვადა ნაცვლად 1-ლი ივლისისა, 2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე ექნებათ.

ცნობისთვის, კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე და დიმიტრი ხუნდაძე არიან.

თაია არდოტელი