ჩინური ჯგუფი, Wison New Energies რუსეთში მიმდინარე ყველა პროექტს წყვეტს. განცხადებას კომპანია სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ავრცელებს.
“ფრთხილი და საფუძვლიანი შეფასების შემდეგ Wison New Energies-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, ყველა მიმდინარე რუსული პროექტი შეწყვიტოს და ნებისმიერი ახალი რუსული ბიზნესი დაუყოვნებლივ და განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს,” - წერია განცხადებაში.
Wison Group დივერსიფიცირებული ჯგუფია, რომელიც სამ ძირითად ბიზნეს-სეგმენტში, კერძოდ, საინჟინრო სერვისებში, ოფშორულ-საზღვაო ინჟინერიასა და მოწინავე მასალებში ენერგეტიკულ და ქიმიურ მომსახურებაზე არის ორიენტირებული.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს რთული გადაწყვეტილება “სტრატეგიული მომავლის გათვალისწინებით” მიიღეს. მეტ დეტალს Wison არ აკონკრეტებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნიდან კომპანიის გასვლა რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ აშშ-ის ბოლო სანქციებს უკავშრდება.
ცნობისთვის: 2023 წელს რუსული თხევადი გაზის უმსხვილესი მწარმოებელი, “ნოვატეკი” ქარხანა „არქტიკისთვის” გაზის ტურბინაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავდა, რომელშიც Wison–ის აღჭურვილობა უნდა გამოეყენებინა. თუმცა ახლახან “ნოვატეკი” და მთელი მისი სტრუქტურები, მათ შორის, “არქტიკაც” აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისისა (Office of Foreign Assets Control-OFAC) და დიდი ბრიტანეთის სანქციების იმპლემენტაციის ოფისის (Office of Financial Sancions Implementation-OFSI) სანქციებში მოხვდნენ.
ამასთან, ჩინური კომპანიის ამ განცხადებას ვიეტნამში რუსულ “ნოვატეკსა” და ნავთობ-გაზის ვიეტნამურ კორპორაცია PetroVietnam-ს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს უკავშირებენ, რასაც 20 ივნისს, ვიეტნამში პუტინის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ