საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წელს გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელს აქვს ვალდებულება დასაქმებულ ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი სამუშაოსთვის ერთნაირი ანაზღაურება გადაუხადოს. მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, საქართველოში ქალისა და კაცის ხელფასი დღემდე მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
მაგალითად, საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში სხვადასხვა სექტორში დასაქმებული კაცების საშუალო თვიური ხელფასი 2 343.2 ლარია, ხოლო ქალების 1 540 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში იზრდებოდა როგორც მამაკაცების, ასევე ქალების ხელფასი, თუმცა მათი გათანაბრება დღემდე ვერ განხორციელდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორ იცვლებოდა ქალის და კაცის ხელფასი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ კაცებისთვის საშუალო ხელფასი 2014 წელს 980 ლარი იყო, ქალის ხელფასი კი ამ ნიშნულს 2020 წელს მიუახლოვდა და ამ პერიოდისთვის 952.2 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა ყველაზე მეტად საფინანსო-სადაზღვევო სექტორში შეიმჩნევა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო თვიური ანაზღაურება საფინანსო-სადაზღვევო სექტორში 2 953 ლარი იყო, ხოლო კაცების 7 628 ლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ ერთი და იმავე სამუშაოსთვის კაცებს ამ სექტორში 2.5-ჯერ მეტ ანაზღაურებას უხდიან, ვიდრე ქალებს.
ამასთანავე, დიდია სხვაობა ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროში, სადაც ქალთა საშუალო ანაზღაურება 3 193 ლარით იყო განსაზღვრული, კაცების კი 4 565 ლარით. რაც შეეხება ყველაზე დაბალანაზღაურებად სამუშაოს, კაცების შემთხვევაში ეს არის წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა, სადაც მათი საშუალო ანაზღაურება 1 310 ლარია, ხოლო ქალების შემთხვევაში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სოფლის მეურნეობაში არსებული სამუშაოებია, სადაც ხელფასი 1 033 ლარს შეადგენს.
მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ შემთხვევაში კაცისა და ქალის თვიური ანაზღაურება ერთი და იმავე საქმისთვის მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების კომიტეტმა მთავრობას ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების კუთხით არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად ეფექტური ზომების გატარებისკენ მოუწოდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რით არის გამოწვეული ქვეყანაში ქალისა და მამაკაცის ხელფასების მკვეთრი სხვაობა და როგორ შეიძლება მოგვარდეს არსებული პრობლემა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების” თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს ვესაუბრეთ.
პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემა გარკვეულწილად განპირობებულია საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული შეხედულებებით.
„არსებობენ დამსაქმებლები, რომლებიც ქალის დასაქმებაზე ამბობენ უარს, თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება დეკრეტულ შვებულებაში გავიდეს და დამსაქმებელს დასჭირდეს ახალი მუშაკის მოძიება მის ადგილზე. მრავლად არის ეს სიმახინჯეები, რომებიც სისტემურ ხასიათს ატარებს და ეს არ არის მხოლოდ ერთეული გამოვლინებები“, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.
პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ქალთა განათლების კოეფიციენტი გაცილებით მეტია, ვიდრე კაცების, ამასთანავე, ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა ქალია. მისი თქმით, ამ ფონზე სხვაობა ქალისა და კაცის ხელფასებს შორის უსამართლობის განცდას იწვევს.
„როგორც განათლების მაჩვენებლის კოეფიციენტით, ისე რაოდენობით ქალბატონები უფრო წინ არიან და ამ დროს მათი ხელფასები არის დაბალი. თვალს ვადევნებთ 21-ე საუკუნეში არათანაბარ მოპყრობას მოქალაქეების მიმართ. 52% არის ქვეყანაში ქალი, მათი დასაქმების კოეფიციენტი და ხელფასების რაოდენობა მამაკაცებთან მიმართებაში არ არის თანაბარი, რაც იწვევს უსამართლობის განცდას და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძლიერ სახელმწიფოზე, ძლიერი სახელმწიფოა ის, სადაც ყველა მოქალაქე თავს გრძნობს ისე, რომ რასაც იმსახურებს, იმას იღებს“, - დასძინა მან.
რაც შეეხება განათლებას, მაგალითისთვის, მხოლოდ გასულ წელს ბაკალავრის ხარისხი 9 528-მა ქალმა და 6 341-მა კაცმა მოიპოვა, ხოლო მაგისტრის 5 235-მა ქალმა და 3 164-მა კაცმა. გასულ წლებშიც მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ორივე საფეხურზე.
პეტრიაშვილმა ისაუბრა ქალთა და კაცთა ხელფასის გათანაბრების შედეგად მიღებულ დადებით ეფექტზე და აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ უთანასწორობა აღმოიფხვრება, გაიზრდება ეკონომიკური სარგებელიც. პეტრიაშვილის თქმით, ქალები ნაზარდი ხელფასით შეიძენენ დამატებით სერვისებსა და მომსახურებას, რაც ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
„ქალი ისეთივე ხელფასით, როგორიც მამაკაცებს აქვთ, ქართული ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. თუ ყიდულობდა 1 კგ პომიდორს, იყიდის 2-ს და შეუწყობს ხელს ფერმერს, რომელსაც პომიდორი მოჰყავს. ის დამატებით ისარგებლებს სხვა მომსახურებით, რითაც მოხდება ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება გადაჭრის გზებს, პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისთვის ქალების და კაცების ხელფასების გათანაბრებისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო მექანიზმების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქალების დასაქმებას თანაბარი პირობებითა და ანაზღაურებით. მანვე აღნიშნა, რომ პრობლემის კიდევ ერთი გადაჭრის გზა შესაძლოა, იყოს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდების გამოყენება, მაგალითად ისეთის, როგორიცაა მინიმალური ხელფასის ადეკვატური ზღვარი, რაც საქართველოს, ფაქტობრივად, არ გააჩნია. მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია წახალისდეს სოციალური დიალოგი და იყოს პროგრესული გადასახადები.