შავ ზღვაში ნავთობის და გაზის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება იგეგმება

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო შავი ზღვის III სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ღია საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულისთვის საჭიროა არსებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების ხელახალი ინტერპრეტაცია, მესამე მხარის მიერ რესურსების გადაფასება და სერტიფიცირება.

„ბოლო პერიოდში შავის ზღვის აუზში განსაკუთრებით გააქტიურდა ნახშირწყალბადების ძებნა - ძიებითი სამუშაოები, სამუშაოებში ჩართულია, როგორც კერძო საერთაშორისო, ასევე ეროვნული ნავთობკომპანიები. საქართველო განიხილავს, იყოს ამ პროცესის მონაწილე და საკუთარი რესურსების შესაფასებლად და ასათვისებლად მოიწვიოს საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების მქონე მაღალტექნოლოგიური ინვესტორები“, - განგვიცხადეს სააგენტოში.

გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების ხელახალი ინტერპრეტაციის, რესურსების გადაფასებისა და სერტიფიცირებისთვის სააგენტო საკონსულტაციო კომპანიიის მომსახურების შეძენას აპირებს. მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული მომსახურებისთვის სააგენტოს 1.4 მილიონი ლარის გამოყოფა დაევალა.

„ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დაგეგმილი აქვს ღია საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის III სალიცენზიო ბლოკზე, რისთვისაც აუცილებელია არსებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების ხელახალი ინტერპრეტაცია, მესამე მხარის მიერ რესურსების გადაფასება და სერტიფიცირება და სხვ. აღნიშნულის განხორციელების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გამოიყოს დამატებითი ფინანსური რესურსი საკონსულტაციო კომპანიის მომსახურების შესყიდვის მიზნით, რომელიც სააგენტოს მიერ ჩატარებული ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება“, - განუცხადეს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“.

მერი ტაბატაძე