ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი მიიღო, რომელიც 116 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია.
ამასთან, ახალი ზომები მოიცავს თხევადი ბუნებრივი აირის, ანუ რუსული LNG-ის რეექსპორტის აკრძალავს, ცენტრალური ბანკის ფინანსური შეტყობინებების სისტემის წინააღმდეგ სანქციებსა და რუსების სასარგებლოდ კერძო ფრენების შეზღუდვას.
„ეს ზომები რუსეთის ეკონომიკის ისეთ ძვირადღირებულ სექტორებზე არის მიმართული, როგორიც ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობაა,“ - წერია პრესრელიზში.
კერძოდ, იზღუდება რუსული LNG-ის ტრანზიტი ევროპის პორტებით, რაც, როგორც გემიდან გემზე, ასევე, გემიდან ნაპირზე გადატვირთვას ეხება. თუმცა ზომები გავლენას არ ახდენს იმპორტზე და მხოლოდ ევროკავშირის გავლით მესამე ქვეყნებში რეექსპორტს ეხება. ამასთანა, ევროკავშირმა LNG-ის მშენებარე პროექტების დასასრულებლად, როგორიც Arctic LNG 2 და Murmansk LNG-ია, ახალი ინვესტიციები, საქონლის, ტექნოლოგიებისა და სერვისების მიწოდება აკრძალა. შეზღუდვები დაწესდა რუსული LNG-ის იმპორტზე ევროკავშირის ტერმინალებით, რომლებიც გაზის სისტემასთან არ არის დაკავშირებული
ასევე, დასანქცირდა 27 გემი, რომლებიც, ევროკავშირის საბჭოს თანახმად, „რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია. ამასთან, ევროკავშირის ტერიტორიაზე ასაფრენ-დასაფრენად ან გადაფრენით აღარ დაიშვება ის თვითმფრინავები, რომლებსაც რუსული ფიზიკური თუ იურიდიული პირები კერძო ფრენებისთვის იყენებენ.
ექსპორტი 61 კომპანიას შეეზღუდა, რომელთა ნაწილიც მესამე ქვეყნებში კერძოდ, ჩინეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთში მდებარეობს. ევროპული საბჭოს განცხადებით, ეს კომპანიები სავაჭრო სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობდნენ და რუსეთს მატერიალურ დახმარებას უწევდნენ.
ევროკავშირმა, ასევე, შეზღუდვები რუსეთიდან ჰელიუმის იმპორტზე და ქვეყანაში მანგანუმის მადნისა და იშვიათი მიწიერი ნაერთების მიწოდებაზე დააწესა.
საბჭომ, ასევე, ევროკავშირის “მშობელი” კომპანიები დაავალდებულა, „მიმართონ ყველანაირ ძალისხმევას,“ რომ მესამე ქვეყნებში მათი “შვილობილი” კომპანიები რუსეთის სასარგებლოდ სანქციების არიდების საქმიანობაში არ ჩაერთონ. ამასთან, ევროკავშირის ოპერატორებს, რომლებიც სამხედრო საქონლის წარმოებისთვის მესამე ქვეყნის კომერციულ პარტნიორებს სამრეწველო “ნოუ-ჰაუს” აწვდიან, მოეთხოვებათ, ხელშეკრულებებში შეიტანონ დებულებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი ცოდნა რუსეთისთვის განკუთვნილი სამხედრო საქონლისთვის გამოყენებული არ იქნება.
დასანქცირდა რუსეთის ბანკის ფინანსური შეტყობინებების სისტემა SPFS-იც და რუსეთის ფარგლებს გარეთ მოქმედ ევროკავშირის ორგანიზაციებს მასთან ან ფინანსური შეტყობინებების ანალოგიურ სისტემასთან დაერთება აეკრძლათ.
ახალ პაკეტში შესულია შეზღუდვები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების მიერ ევროკავშირში გარკვეული ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღებას კრძალავს. ასევე, აიკრძალა უკრაინის კულტურული ღირებულებების და არქეოლოგიური, ისტორიული, კულტურული, სამეცნიერო ან რელიგიური მნიშვნელობის სხვა საქონლის შეძენა, იმპორტი, გადაცემა ან ექსპორტი, „თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს საქონელი უკრაინიდან უკანონოდ იქნა გატანილი.“
პაკეტი, ასევე, მოიცავს ზომებს, რომლებიც ევროკავშირის ოპერატორებს საშუალებას აძლევს, „რუსული კომპანიების მიერ სანქციებისა და ექსპროპრიაციის შედეგად მიყენებული“ ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაცია მოითხოვნ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ