აზიის განვითარების ბანკმა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვისთან ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 734 986 დოლარს შეადგენს.
ახალი აეროპორტის გენ. გეგმის შესამუშავებლად საკონსულტაციო კომპანიის ტენდერის სახით შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას და პროექტის 50%-იან თანადაფინანსებას აზიის განვითარების ბანთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განახორციელებს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, სატენდერო პროცესი ორ ეტაპად გაიმართება, პირველი ეტაპით კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ეძლევათ ორ კვირიანი ვადა.
ტენდერის მეორე ეტაპი გულისხმობს პირველი ეტაპის შეფასების საფუძველზე შერჩეული კომპანიებისაგან დეტალური ტექნიკური შეთავაზების მიღებას. რისი შეფასების შედეგადაც გამოვლენილი იქნება ტენდერში გამარჯვებული კომპანია. ტენდერის საფუძველზე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის საორიენტაციო ვადაა 2024 წლის ივლისი.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის თქმით, ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიას აქვს.
„დაინტერესება არის ძალიან დიდი. მოლოდინი გვაქვს, რომ საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოვა, რომელთაგან ავარჩევთ საუკეთესოს და ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიას. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება განვითარების დეტალური გენერალური გეგმა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს დავიწყოთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
ცნობისთვის, მთავრობამ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 260 მილიონი დოლარი დაჯდება, აეროპორტი კი ჯამში 19 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით სანავიგაციო კვლევები უახლოეს პერიოდში დასრულდება. პარალელურად კი დაიწყება გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი და 2025 წლისთვის მზად იქნება.
შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია აეროპორტის მშენებლობა, 2028 წლის ბოლოს კი მზად იქნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენები განხორციელდეს.