მთავრობამ ბახმაროში „ორბის“ სამშენებლო პროექტში ცვლილებები შეიტანა - რა წერია განკარგულებაში

მთავრობამ „ორბი ჯგუფი ბახმაროსთან“ 2020 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, კომპანიამ ბახმაროში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბერს უნდა დაასრულოს. ცნობისთვის, აქამდე დაგეგმილი იყო პროექტის 2025 წელს დასრულება.

განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსის ფუნქციონირება 2028 წლის 19 ივნისამდე უნდა დაიწყოს.

ცნობისთვის, „ორბი“ ბახმაროში 350-ნომერზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. კერძოდ, აშენდება კომერციული დანიშნულების ფართები, კვების ობიექტები, სპორტული მოედანი და ა.შ.

გარდა ამისა, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს“. აღნიშნული ჩანაწერი ეხება პირდაპირი მიყიდვის წესით კომპანიის საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთს.

„ჩვენ როცა გავაფორმეთ ხელშეკრულება, იქიდან 10 წლის განმავლობაში გვქონდა შეზღუდული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. რადგან ეს ვადა გაგრძელდა, დაახლოებით 5 წლამდე ვადით, ამიტომ ეს 10 წლიანი ვადა გახანგრძლივდა და ამიტომ გახდა 15 წელი. შესაბამისად, 2019 წლიდან აითვლება 15 წლიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც ჩვენ არ გვაქვს უფლება აღნიშნულ ტერიტორიაზე განვახორციელოთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. რაც შეეხება ტერიტორიას, ტერიტორია ეხება პირდაპირი მიყიდვის წესით კომპანიის საკუთრებაში გადმოცემულ მიწის ნაკვეთს“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „ორბი ჯგუფში“.

მერი ტაბატაძე