რუსეთის შესაბამისი უწყებები, მათ შორის, ფინანსთა, ეკონომიკური განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები მიმდინარე წლის აგვისტოდან ე.წ. არამეგობრული ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე გადასახადის 20-დან 25%-მდე გაზრდას განიხილალვენ. ასევე, 1,5-დან 2 დოლარამდე გაიზრდება საბაზისო განაკვეთი, რომელიც რუსეთში ღვინის იმპორტის მინიმალურ გადასახადს შეადგენს.
ამის შესახებ RBC-ს ამ უწყებებისა და სექტორის ოთხმა წყარომ განუცხადა, რომლებიც განხილულ პროექტს იცნობენ.
წყაროს ცნობით, ეს გაზრდილი საბაზისო განაკვეთი და გადასახადი უკვე საქართველოდან იმპორტირებულ ღვინოებზეც გავრცელდება, რომლის რუსეთში შეტანაზე ამჟამად ნულოვანი გადასახადი მოქმედებს.
ინფორმაიცია დაადასტურა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის კავშირის წყარომაც, რომელიც რუსული ტურისტული ინდუსტრიის ათასზე მეტი წარმომადგენლისგან შემდგარი პროფესიონალური ასოციაციაა. ის რვა ფედერალურ ოლქში 60 რეგიონალურ ოფისს მოიცავს. კავშირის წყარო ქართლი ღვინის დაბეგვრას მიესალმება და აცხადებს, რომ „ეს დადებითად აისახება რუსული მეღვინეობის განვითარებასა და შიდა წარმოების ღვინის რეალიზაციაზე.“
ამასთან, სექტორის წყაროს ცნობით, საიმპორტო გადასახადი ძლიერ ალკოჰოლზე ღირებულების 20%-მდე და ლიტრზე არანაკლებ 3 ევრომდე გაიზრდება. ამჟამად, ძლიერ ალკოჰოლზე გადასახადი სასმელის კატეგორიის მიხედვით ლიტრზე 1,4–1,5 ევროს შეადგენს და მის ღირებულებაზე არანაირად არ არის დამოკიდებული.
ცნობისთვის: “არამეგობრული” ქვეყნების ღვინოებზე საიმპორტო გადასახადი 2023 წლის აგვისტოში 12,5-დან 20%-მდე გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ