ჩინეთის მთვარის ზონდი წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე, რითაც ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარის შორეული მხრიდან აღებული ნიმუშები დედამიწაზე დააბრუნა - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ივნისის დასაწყისში, Chang'e-6-ის ზონდი მთვარის სამხრეთ პოლუსზე, კონკრეტულად აიტკენის აუზში წარმატებით დაეშვა. ცნობისთვის, ეს მასიური დარტყმის კრატერია, რომელიც მიმართულების გამო, დედამიწიდან რთულად დაკვირვებადია.
ჩინეთის მისია დაახლოებით 2 კგ მთვარის საკვლევი მასალის შეგროვებას ისახავდა მიზნად. ჩინელი მეცნიერების აზრით, დაბრუნებული ნიმუშები 2,5 მილიონი წლის ისეთ ვულკანურ ქანებსაც შეიცავს, რომლებიც მთვარის ორ მხარეს შორის გეოგრაფიული განსხვავებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შეძლებდნენ.
მთვარის ახლო მხარე, რომელიც ყოველთვის დედამიწისკენ არის მიმართული, უფრო ბრტყელია და კრატერებიც ნაკლებად გვხვდება ბიდრე ეს შორეული მხარის შემთხვევაშია(რომელიც ყოველთვის კოსმოსისკენ არის მიმართული). ეს მუდმივი ორიენტაცია განპირობებულია იმ ფენომენით, რომელიც ცნობილია როგორც „სინქრონული მოქცევა“.
სახელმწიფო მედიის CCTV-ს ცნობით, შეგროვებული ნიმუშები სავარაუდოდ პეკინში გადაიგზავნება და ჩინელი და საერთაშორისო მეცნიერები ერთობლივ კვლევებს ჩაატარებენ. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მეცნიერებს მისიის წარმატება მიულოცა.
მთლიანი Chang'e 6 პროექტი დაახლოებით 180 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს თანხა მოიცავს მისიის დაგეგმვას, განვითარებას, გაშვებას და ექსპლუატაციას, ასევე მისი ოთხი ძირითადი მოდულის მშენებლობას და განლაგებას: დესანტი, აღმავალი, ორბიტერი და დამაბრუნებელი.
მისიის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ჩინეთის კოსმოსური პროგრამისთვის, რომელიც მიზნად კოსმოსის კვლევაში წამყვან ძალად თავის დამკვიდრებას ისახავს.