2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე საქართველოში, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის 169 შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, 169 შემთხვევიდან გახსნილია 57(44.77პროცენტი), ხოლო 112 შემთხვევა კვლავ გაუხსნელი რჩება.
ცნობისთვის, 2023 წელთან შედარებით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 29.3 პროცენტით არის შემცირებული. შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 239 შემთხვევა აღირიცხა, რომელთაგანაც 44.77 პროცენტის გახსნა მოხერხდა(107 დანაშაულის შემთხვევა).
სამაგიეროდ გაორმაგებულია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის შემთხვევები. 2024 წლის იანვარ-მარტში მსგავსი დანაშაულის 30 შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ როცა 2023 წლის შესაბამის პერიოდში 15 დანაშაული აღირიცხა.
სამწუხაროდ, დაბალია გახსნილი შემთხვევების რაოდენობა. ოფიციალური მონაცემების თანახმად 30 შემთხვევიდან მხოლოდ 16.7 პროცენტის(5 დანაშაული) გახსნა მოხერხდა. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო 2023 წელსაც, გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გახნა 15-დან 2 შემთხვევაში შეძლო.
შსს-ს მონაცემებით 2024 წლის პირველ კვარტალში კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის მხოლოდ 2 შემთხვევა იქნა რეგისტრირებული, ხოლო ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.