კომპანია „ბიბლუსსა“ და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, „ბიბლუსი ჯგუფმა“ ნიჭიერი სტუდენტები სხვადასხვა განყოფილებებში სტაჟირებაზე დასაქმების პერსპექტივით მიიღო.
ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანია შეიქმნას კავშირი სტუდენტებსა და მსხვილ დამსაქმებელ კომპანიას შორის; ახალგაზრდა სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გააუმჯობესონ სწავლის ხარისხი.
სტაჟირების პროგრამა სამ თვეს გაგრძელდება და მოიცავს მუშაობას კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში. სტაჟიორები ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტებში, რაც მათ საშუალებას მისცემს არა მხოლოდ გამოიყენონ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში, არამედ განავითარონ ახალი უნარები.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ფაქტობრივად 2021 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობს კომპანია „ბიბლუსთან“. მოგეხსენებათ, რამდენად ფართო დასაქმების სპექტრი აქვს ამ კომპანიას, შესაბამისად, ის მიმართულებები, რომლებიც ხშირადაა ბიბლუსის მხრიდან ჩვენთვის გაზიარებული, იქნება ეს სტაჟირების პროგრამები, საზაფხულო შეთავაზებები სტუდენტებისთვის, სხვადასხვა ვაკანსიები, - არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სტუდენტებს არა მხოლოდ სამუშაო გამოცდილების მიღება შეუძლიათ, არამედ შეძლებენ გაეცნონ ისეთ საინტერესო გარემოს, როგორსაც „ბიბლუსი“ სთავაზობს. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი სასწავლო წლის ფარგლებშიც ძალიან ბევრ ნიჭიერ სტუდენტს ექნება დასაქმების შესაძლებლობა.“ - მარიამ შოშიაშვილი, კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.
„ბიბლუსის“ და BTU-ს თანამშრომლობა ნაყოფიერია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე თავად კომპანიისთვის. სტაჟირება სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას არა მხოლოდ გაეცნონ კომპანიის შიდა პროცესებსა და კულტურას, არამედ ხელი შეუწყონ მის განვითარებას.
„ბიბლუსისა“ და BTU-ს თანამშრომლობა ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუწყობს ხელს, პროფესიულ ზრდასა და დასაქმებაში.
(R)