სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში საუბარია, ტურისტული მიმართულებით განსახორციელებელ პროგრამები და ათვისებულ თანხებზე.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა გამოყოფილი იყო აჭარის ტურისტული მარკეტინგისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროგრამის ბიუჯეტი 7.903 მლნ ლარი იყო, საიდანაც 1.136 მლნ ლარის ათვისება მოხერხდა. აუდიტის თანახმად, ბიუჯეტი 90.3%-ით შესრულდა.
ამასთანავე, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აჭარაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვისა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობისთვის 2023 წელს გამოყოფილი იყო 1.910 მლნ ლარი, საიდანაც აუთვისებელი დარჩა დაახლოებით 134 ათასი ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ პროგრამის ბიუჯეტის შესრულება 92.9% იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტის შესრულება 0% იყო. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს პროგრამისთვის 100 000 ლარი იყო გამოყოფილი - აღნიშნული თანხა არ დახარჯულა.
აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისთვის გამოყოფილი იყო 5.579 მლნ ლარი, საიდანაც მხოლოდ 5.205 მლნ ლარის ათვისება მოხერხდა (ბიუჯეტის შესრულება 93.3%).
დაბოლოს, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში 2023 წელს აუთვისებელი დარჩა 782.1 ათასი ლარი.