პოლონეთის ხელისუფლება გეგმავს 2034 წლისთვის დაახლოებით 50 მილიარდი ზლოტის (დაახლოებით 12,5 მილიარდი დოლარი) მობილიზება მოახდინოს, რათა კერძო სახლებში, საავადმყოფოებში, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს შენობებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მოეწყოს - ამის შესახებ ინფორმაციას Azernews ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პოლონეთი ფინანსებს „მშენებლობის, მოდერნიზაციის ან რეკონსტრუქციის სუბსიდირებისთვის, დამცავი ნაგებობების მოვლა-პატრონობისთვის, ასევე სამოქალაქო თავდაცვის საჭიროებებისთვის განკუთვნილი მდგრადი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, მათ შორის უწყვეტი წყალმომარაგების, ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად“ ამზადებს.
გარდა ამისა, რამდენიმეწლიანი გეგმა ჯანდაცვის დაწესებულებებში მიწისქვეშა სამედიცინო და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რომელთა დამფუძნებლებიც შსს და თავდაცვის სამინისტროები იქნებიან.
გამოცემა ირწმუნება, რომ საოპერაციო ოთახები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები და პალატები მიწისქვეშ სრული აპარატურით აღიჭურვება.
პოლონეთის სახანძრო დაცვის სამსახურის 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში თავშესაფრების საერთო რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე უფუნქციო იყო. მათი შეფასებით, არსებული თავშესაფრები ერთდროულად დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანის მოსათავსებლად არის განკუთვნილი.