„ცდილობენ, საქართველო ჭამა-სმის და ცეკვა-თამაშის ქვეყნად წარმოაჩინონ - ყველას აწყობს, ტურისტთან მისი ქვეყანა უფრო იყოს წარმოჩენილი,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარემ, გიორგი თეთრაძემ ისაუბრა.
„გიდის საქმიანიობა ისეთივე სამეწარმეო საქმიანობაა, როგორც ბევრი სხვა. ჩვენ, ყველანი ვართ ვალდებულები ვართ, დავრეგისტრირდეთ მეწარმეებად და ვიხადოთ გადასახადი. ჩამოსული გიდები არსად არ არიან დარეგისტრირებულები და არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ. ისინი ჩვენთან შედარებით ნაკლებ თანხად უწევენ მომსახურებას ტურისტებს, რადგან სახელმწიფოს არაფერი აქვს მათთვის შემუშავებული“ - აცხადებს ის.
გიორგი თეთრაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ამ გიდებმა არ იციან საქართველოს ისტორია და ტუსიტებამდე დამახინჯებული ინფორმაცია მიაქვთ.
„აქ საქმე არ არის მარტო გადასახადებზე, საუბარია იმაზეც, რომ მათ არ იციან ჩვენი ქვეყნის კულტურა, ისტორია, ეთნოგრაფია და ბევრი სპეციფიკა და ტურისტს შესაძლოა, სრულიად დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდონ. ცდილობენ, საქართველო ხაჭაპურის ქვეყნად წარმოაჩინონ - არცერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული გიდი არ ფლობს სწორ ინფორმაციას საქართველოს ისტორიაზე. ყველას აწყობს, თავისი ქვეყანა უფრო იყოს წარმოჩენილი ტურისტის თვალში, ვიდრე სხვა.
ყოველთვის, როცა ვხედავ, რომ საქართველოს მხოლოდ ცეკვა-თამაშისა და ჭამა-სმის ქვეყნად წარმოაჩენენ, მაქვს საკმაოდ მკვეთრი და ცუდი რეაქცია და როცა ხედავენ, რომ მათ გვერდით აღმოჩნდებიან ქართველი გიდები, ყოფილა შემთხვევები, რომ ტურისტების ჯგუფი მიუტოვებიათ და გაცლიან იმ ტერიტორიას, რადგან იციან ქართველების რეაქციების შესახებ“ - აცხადებს თეთრაძე.
ფოტოს ავტორი: „რადიო თავისუფლება“, კახა მჭედლიძე