ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს, საბჭომ ბელარუსის ეკონომიკის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომები მიიღო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომში რეჟიმის მონაწილეობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საბჭოს ცნობით, დაწესებული სანქციების მიზანს მათთვის გვერდის ავლის პრობლემის გადაჭრა წარმოადგენს.

„ეს ყოვლისმომცველი ზომები რუსეთთან მიმართებაში მოქმედი რიგი შემაკავებელი ზომების გამეორებას ისახავს მიზნად და გადაჭრის გვერდის ავლის პრობლემას, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკებს შორის ინტეგრაციის მაღალი ხარისხით არის გამოწვეული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვა გაგრძელდება და დამატებითი შეზღუდვები დაწესდება ისეთ საქონელზე, რომელმაც შეიძლება ბელარუსის ინდუსტრიული პოტენციალის გაძლიერებას ხელი შეუწყოს. ასევე, ბელარუსიდან ოქროსა და ბრილიანტის, ჰელიუმის, ქვანახშირისა და მინერალური პროდუქტების, მათ შორის, ნედლი ნავთობის პირდაპირი ან არაპირდაპირი იმპორტი, შეძენა ან გადატანა აიკრძალება.

ევროკავშირის საბჭო ბელარუსის მთავრობისთვის, საჯარო ორგანოებისთვის, კორპორაციებისთვის ან სააგენტოებისთვის, ან ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, რომელიც მათი სახელით ან მათი დავალებით მოქმედებს, გარკვეული სერვისების მიწოდებას კრძალავს.

შეგახსენებთ, ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) სანქციებს ითვალისწინებს.