საქართველოში სულ უფრო მეტ უცხოენოვან გიდს შეხვდებით, რომლებიც ტურისტულ ჯგუფებს მომსახურებას უწევენ, თანხას იღებენ, ხოლო ბიუჯეტში ამ თანხიდან არაფერი შედის. როგორ უმკლავდებიან ადგილობრივი გიდები არათანაბარ კონკურენციას უცხოელებთან, ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ „საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარემ, გიორგი თეთრაძემ ისაუბრა.
„ეს პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია, არამარტო გიდების სფეროში, ასევე მძღოლების, ტურისტულების შემთხვევაშიც. უამრავი ტურისტია ახლაც საქართველოში და ამ ჯგუფებს უძღვებიან - რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი გიდები. ებრაული, პოლონური, ჩინური ჯგუფებიც ძალიან ბევრია და ყველა ეს გიდი მუშაობს ყოველგვარი შეზღუდვისა და ნებართვის გარეშე. დარწმუნებული იყავით, რომ მათგან არანაირი შემოსავალი ბიუჯეტში არ შედის. თუ ასე გაგრძელდა, მივალთ იმ კატასტროფულ მდგომარეობამდე, რომ ჩვენს გიდს ტურისტი აღარ ეყოლება, როცა ტურისტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს“, - აცხადებს ის.
თეთრაძის თქმით, საქართველოთი დაინტერესებამ იმატა ახალი ზელანდიიდან და ბრაზილიიდან, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, მათ მომსახურებას უწევენ რუსი გიდები, რომლებიც უცხო ენასაც ფლობენ.
„ამ შემთხვევაში არიან რუსულენოვანი გიდები, რომლებიც უცხო ენაზეც ატარებენ ტურებს. ისინი აქ არიან ჩამოსულები, როგორც ტურისტები, ცხოვრობენ და ახერხებენ იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ისინი ხვდებიან და სწორედ ისინი უწევენ გიდობას“, - აცხადებს იგი.
გიორგი თეთრაძე აღნიშნავს, რომ რომ არა აღნიშნული პრობლემა, ჩვენი ბიუჯეტისკენ გაცილებით მეტი თანხა იქნებოდა მიმართული.