რაჭაში ახალი სასტუმრო „დაკიდულა“ გაიხსნა - რა ეღირება განთავსება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალი სასტუმრო „დაკიდულა“ გაიხსნა. ობიექტი აერთიანებს 9 ეკომეგობრულ პრემიუმ ხარისხის კოტეჯებს, რესტორანსა და გარე გასართობ სივრცეს. როგორც „დაკიდულას“ დამფუძნებელი ზუკა მანჯგალაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, პროექტში განხორციელებულმა ინვესტიციამ 1 მლნ ლარს გადააჭარბა.

მისივე თქმით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან „დაკიდულას“ მიმართ დაინტერესება დიდია და ივლისი-აგვისტოს ჯავშნების ნაწილი უკვე მიღებულია.

„კოტეჯები ამბროლაურის ცენტრიდან არის 8 წუთი და ამბროლაურის აეროპორტიდან არის 5 წუთის სავალი. „დაკიდულა“ აერთიანებს სამ სივრცეს: კოტეჯები, სამზარეულო და გარე სივრცე. გარე სივრცეში იქნება საშუალება რომ ხალხი მოვიდეს, გაერთოს მეგობრებთან ერთად, ითამაშოს, მუსიკას მოუსმინოს, დაიგეგმება ივენთებიც. ცალკე იქნება მოწყობილი კოქტეილების, სასმელების, ყავისა და კერძების ქოხი. კოტეჯები გათვლილია 2 ადამიანზე, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე დავამატეთ რამდენიმეში დივანი და შესაძლებელია ბავშვის ან მოზარდის დამატებით განთავსება“, - აცხადებს მანჯგალაძე.

რაც შეეხება იდეას, „დაკიდულას“ დამფუძნებლები ამ ტიპის სივრცის შექმნაზე 2021 წლიდან ფიქრობდნენ. როგორც მანჯგალაძე გვიყვება, რაჭაში მცირეა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს დასვენებასთან ერთად გართობაც შეუძლიათ, აქედან გამომდინარე, მიზნად დაისახეს მსგავსი ტიპის კომპლექსის აშენება.

„რაჭაში შენდება კოტეჯები, საკმაოდ მზარდია ეს ტენდენცია, მაგრამ რეგიონის ტურისტულ პოტენციალთან შედარებით, ძალიან მცირეა ისეთი ადგილები, სადაც შეგიძლია მიხვიდე, გაერთო, მუსიკას მოუსმინო. გვიხარია გარშემო რაიმე თუ შენდება, რადგან ჩნდება ჯანსაღი კონკურენცია, რაც ნიშნავს როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტის მეტ რაოდენობას და ამ რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლებას“, - ამბობს მანჯგალაძე.

„დაკიდულაში“ ამ ეტაპზე 9 ადამიანია დასაქმებული. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, კადრების მოძიება გაუჭირდათ, გასული წლიდან მოყოლებული ცდილობდნენ პერსონალის პოვნას, თუმცა საბოლოოდ მოახერხეს და უმეტესად ადგილობრივი ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდი შეკრიბეს.

რაც შეეხება საფასო კატეგორიას, ივლისის თვეში კოტეჯში განთავსება 290 ლარის ნაცვლად 250 ლარი ეღირება. ამასთანავე, „დაკიდულა“ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების ჩვენებებსაც განახორციელებს.

მერი ტაბატაძე