დღეიდან საქართველოში პირველი ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად გახსნას იწყებს. ცნობისთვის, ბირჟას ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დაეწყო, მაგრამ გახსნის ვადა 6-ჯერ გადაიდო.
მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება. საწყის ეტაპზე ბირჟაზე ვაჭრობა დღით ადრე და დღიურად განხორციელდება. რაც შეეხება საათობრივ ვაჭრობას, მისი, ისევე როგორც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების პერიოდი 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გადავადდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის ამოქმედება ნაწილობრივი და შეზღუდული იქნება, ასევე, მისი საშუალებით ელექტროენერგიის ვაჭრობა ნებაყოფლობითი იქნება. ამასთანავე, საბალანსო ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის გაანგარიშება ყოველთვიურად მოხდება. ამასთანავე, 1-ელი ივლისიდან ბაზრის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ დამატებით პლატფორმებზე.
ვის შეეძლება ვაჭრობა? - ენერგეტიკული ბირჟა არის ადგილი, სადაც განხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობა. ამ ბირჟით ისარგებლებენ, როგორც გენერაციის ობიექტების მფლობელები, ისე ელექტროენერგიის მომხმარებლები. თუმცა „მომხმარებლებში“ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი არ არის გათვალისწინებული, აქ საუბარია ენერგეტიკულ ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.
აისახება თუ არა სამომხმარებლო ტარიფებზე? - მოსახლეობისა და მცირე ბიზნესისთვის ტარიფები არ შეიცვლება, რადგან მათ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობა არ ექნებათ. სფეროს ექსპერტების განცხადებით, ფასის მერყეობებისგან მოქალაქე და მცირე ბიზნესი დაცული რომ იყოს, სამომხმარებლო ტარიფები კვლავ სემეკის მიერ განისაზღვრება, მოქალაქეებსა და მცირე ბიზნესებს ბირჟაზე ვაჭრობაც არ შეეძლებათ, შესაბამისად, ბირჟაზე მიმდინარე ფასის ზრდა/კლება სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება.
რა რისკები არსებობს ბირჟაზე? - რისკები ძირითადად ეხება ფასებს. სატარიფო ცვლილებები შესაძლოა, შეეხოთ მათ, ვინც ბირჟაზე ივაჭრებს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს საშუალო და მსხვილი ბიზნესი. უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება ბირჟაზე ელექტროენერგიის ფასები, ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებს გაუძვირებს პროდუქციის წარმოებას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ფასები დაეცემა, ეს შეამცირებს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების შემოსავლებს.
როგორი იქნება ელექტროენერგიის ბირჟის სარგებელი? - „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ მიხედვით, ბირჟა უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც შექმნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და კონკურენტულ ბაზრებს.
იხილეთ ასევე: საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა იხსნება - როგორ აისახება ტარიფებზე და ვის შეეძლება ვაჭრობა
„არ იქნება სერიოზული რყევები - 2-3 წელში გვექნება სრულად თავისუფალი ენერგეტიკული ბირჟა“