საქართველოდან ჩინეთში ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი 42%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის იანვარ-მაისში ჩინეთში ექსპორტირებულია 5.107 მლნ დოლარის (1 479 ტონა) ქართული ღვინოს, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 2.962 (825 ტონა) მლნ დოლარის.
რაც შეეხება ფასს, გასულ წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ჩინეთში 3.5 დოლარი იყო, ხოლო მიმდინარე წელს 3.6 დოლარი. მონაცემების მიხედვით, საექსპორტო ფასი, მცირედით 2.9%-ით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, ჩინეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის პროდუქცია სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში, გამოფენაზე „The 8th Eurasia Expo“ იყო წარმოდგენილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გამოფენას ყოველწლიურად 2 მლნ ვიზიტორი სტუმრობს, რაც „ქართული ღვინის მწარმოებლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, აზიის ღვინის ბაზარზე პოტენციურ პარტნიორებთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები“.