წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ აუქციონზე არ გაიყიდა. უფრო კონკრეტულად, სანატორიუმების ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა, რის გამოც აუქციონი არ შედგა.
ცნობისთვის, ქონების ეროვნულმა სააგენტომ 7 ივნისს წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ აუქციონზე გასაყიდად 5 135 000 ლარად გამოიტანა. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოწყობილიყო, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.
ამასთანავე, 7 ივნისს აუქციონზე 3 124 500 ლარად გამოიტანეს გასაყიდად სანატორიუმი „რკინიგზელი“. პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მინიმუმ 80-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოწყობილიყო, რისთვისაც ინვესტიციის ოდენობა 9 373 500 ლარით იყო განსაზღვრული.
შეგახსენებთ, წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი გრძელდება.