ხელფასი 1 210 ლარია - თბილისის მერია  60 ახალ თანამშრომელს ეძებს

თბილისის მერია 60 ახალ თანამშრომელს ეძებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია დედაქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულის - უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის მიერ 60 ვაკანსიაზე კონკურსი დღეიდან გამოცხადდა და დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ საჯარო სამსახურის ვაკანსიების ვებგვერდზე - hr.gov.ge. უკვე გამოქვეყნდა.

როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, განაცხადის მიღების ვადა 14 ივლისამდეა. თანამდებობრივი სარგო კი 1 210 ლარს შეადგენს.

როგორც ცნობილია, უსაფრთხოების საქალაქო სამსახური, ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის, მუნიციპალური დაწესებულებების შენობებისა და ქონების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. გარდა ამისა, მონაწილეობს თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართული ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების უსაფრთხოდ ჩატარების პროცესში.

„ამ პოზიციაზე, გარდა იმისა, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გუნდური მუშაობა და მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაცია. დასაქმებულებს ხელი შეეწყობათ კვალიფიკაციის ამაღლებაში და პერიოდულად გაივლიან გადამზადებას“, - განაცხადა ამ ვაკანსიების შესახებ, კახა კალაძემ გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე.

თაია არდოტელი