„მიზერულია ახალი ჯავშნები“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზაფხულის ტურებს მოქალაქეები, ძირითადად, აპრილი-მაისში გეგმავენ, თუმცა ამ პერიოდში დაემთხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ახალი ჯავშნების რაოდენობა შემცირდა.
„როგორც კი დაიწყო საუბარი „რუსულ კანონზე“, საგრძნობლად აისახა ახალ ჯავშნებზე და თუ ყოველ დღე რამდენიმე ჯავშანი იყო, მერე უკვე კვირაში შესაძლოა, ერთი ჯავშანიც არ შემოსულიყო. ამან იმოქმედა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ეს კი მაშინ, როცა ახლა ტურისტული სექტორი მთლიანად დაკავებული უნდა იყოს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონზე ჯავშნების კუთხით დადებითი მიმართულებით რაიმე რადიკალურად შეიცვლება, იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის ტურების ძირითადი ნაწილი აქამდე უკვე უნდა დაგეგმილიყო.
„ვითარება საკმაოდ მძიმეა ბაზარზე, რადგან ზაფხულში, ვინც აპირებს მოგზაურობას ივნის-ივლის-აგვისტოში, გეგმავს ტურებს აპრილი-მაისში, ბილეთს ყიდულობს და წყვეტს, სად იმოგზაუროს. ზუსტად იმ დროს დაემთხვა „რუსული კანონის“ მიღება. მე არ მგონია, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს ტურისტულ ბაზარზე იმიტომ, რომ ჩამომსვლელი დაგეგმავდა უკვე ტურებს. მიზერული რაოდენობისაა ახალი ჯავშნები. როგორმე ეს წელიც უნდა გადავაგოროთ“, - დასძინა მან.
ჯაფარიძემ „ევრო 2024“-ზე საქართველოს ასპარეზობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს „დიდი რეკლამა“ გაუკეთა და „საერთაშორისო რადარზე საინტერესო“ მიმართულებად წარმოაჩინა.
„ნაკრების საშუალებით საქართველო გამოჩნდა საერთაშორისო რადარზე საინტერესო მიმართულება არამარტო სამოგზაუროდ, არამედ ინვესტიციების ჩასადებად. ერთადერთი პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მომავალ წელზე ჩვენი ნაკრების წყალობით. ასეთ რეკლამას, ალბათ, ვერავინ ვერ გაუკეთებდა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატების დროს, ტურიზმის სექტორში კლება ფიქსირდება, რადგან მოქალაქეები სამოგზაუროდ იმ ქვეყანას ირჩევენ, სადაც მატჩები ტარდება. როგორც ჯაფარიძე ამბობს, საქართველოს შემთხვევაში ტურიზმის სექტორში „იმხელა რადიკალური ვარდნა იყო“, რომ მხოლოდ გერმანიაში მიმდინარე მატჩებს „ვერ დაჰბრალდება“.